ახალი ტექნოლოგიები

რუსეთში ამერიკული წარმოების მიკროპროცესორებს ადგილობრივი Baikal ჩაანაცვლებს

ინტელის მიკროპროცესორები
Intel.com | Reuters

რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი, ამერიკული წარმოების, Intel-ისა და AMD-ის, მიკროპროცესორების ჩანაცვლებას რუსული წარმოების Baikal-ით აპირებს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ITAR-TASS ავრცელებს. 

Baikal-ის მიკროპროცესორები შემდეგი წლისთვის დამზადდება და პროდუქციასთან ასოცირებულ ხარჯებს საკუთარ თავზე სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატი, Rostec და ნახევრად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია, Rusnano, აიღებენ. მიკროპროცესორის დიზაინს რუსული სუპერკომპიუტერების მწარმოებელი T-Platform გააკეთებს. 

Electronic Weekly-ს თანახმად, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინს ეკუთვნის. არსებული პროცესორების ადგილობრივი წარმოების პროდუქციით ჩანაცვლება სწორედ მისი ინიციატივა იყო. 

ITAR-TASS-ის ინფორმაციით, Baikal-ის პირველი პროდუქტი მიკროპროცესორი იქნება 64-ბიტიანი ბირთვით (რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ARM დაამზადებს) და 2 გიგაჰერციანი სიხშირით, რომელიც პერსონალური კომპიუტერებისთვისა და მიკროსერვერებისთვის იქნება განკუთვნილი. 

სააგენტოს თანახმად, Baikal-ის მიკროპროცესორების პირველადი მომხმარებლები სახელმწიფო სტრუქტურები და კომპანიები იქნებიან. მათი შენაძენი ყოველწლიურად 700 000 პერსონალურ კომპიუტერს უტოლდება და თანხობრივად წლიურ 500 მილიონ დოლარამდე აღწევს. 800 მილიონი ამერიკული დოლარს სახელმწიფო 300 000 სერვერში იხდის, რომელსაც ასევე ყოველწლიურად იძენს.

მთლიანი ბაზრის მოცულობა მიკროპროცესორებისათვის 5 მილიონი ერთეულია, რაც 3.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. 

კომენტარები