თელასი

თელასი პროფილაქტიკურ სამუშაოებს არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყებს

თელასი დედაქალაქში პროფილაქტიკურ სამუშაოებს არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყებს. ამასთან, კომპანიის განცხადებით, ეს უარყოფითად არ აისახება დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თელასის მიერ ჩასატარებელი სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოები ითვალისწინებს უმნიშვნელო, მხოლოდ ლოკალურ, ერთდროულად ერთი ან ორი ქუჩის რამდენიმე საათით გამორთვას. ეს არის სადისტრიბუციო კომპანიის უპირობო ვალდებულება, რათა ელექტროგამანაწილებელი ქსელი მუდმივად უსაფრთხო და საიმედო მდგომარეობაში იქნას შენარჩუნებული. ამის თაობაზე ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას. სამწუხარო და უსაფუძვლოა ამ ყველაფერზე თანმოყოლილი აჟიოტაჟი და უარვყოფთ ყოველგვარ ჭორს დედაქალაქში ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, ვითვალისწინებთ რა საზოგადოებრივ ინტერესს მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფილაქტიკური სამუშაოები დავიწყოთ არჩევნების დასრულების შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, იქნება უმნიშვნელო და უარყოფითად არ აისახება დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე" - აცხადებს თელასი.

კომპანიას პროფილაქტიკური სამუშაოები 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჰქონდა დაგეგმილი. თელასში განმარტავდნენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირის სამუშაო დღეებში - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში ჩატარდებოდა.

კომენტარები