საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ჩვენი ევროპული არჩევანი ემყარება მოსახლეობის 85 პროცენტს

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial
27 ივნისს ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამ ნაბიჯით გადავდივართ ურთიერთობების თვისებრივად სრულიად ახალ ეტაპზე, - განაცხადა საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის, მოლდოვის, ჩეხეთისა და სერბეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ პონტას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობას.
 
“ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავამტკიცეთ ევროპული გზისადმი ერთგულება იმით, რომ წარმატებით განვახორციელეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოებების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება.
 
ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ემყარება საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტისა და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას,”-აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა [პრემიერის პრესსამსახურის თარგმანი].
 
მანვე მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოს წარმატებების გაზიარებისთვის.

თავის მხრივ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ კმაყოფილება გამოთქვა პრემიერ-მინისტრების რუმინეთში სტუმრობის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასადმი მხარდაჭერა. 
 
"მიხარია რომ აქ ვმასპინძლობ პრემიერ-მინისტრებს და ვუზიარებ ჩვენს გამოცდილებას. სულ მალე ევროკავშირთან ასოცირებას მოეწერება ხელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირისკენ გზა უჭირავთ და ამ ქვეყნებში მაქსიმალურად დემოკრატიული რეფორმები ტარდება. ყოველთვის მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და კიდევ უფრო უახლოვდებიან ევროკავშირს,"-განაცხადა ვიქტორ პონტამ [პრემიერის პრესსამსახურის თარგმანი].

კომენტარები