თამარ ივერის ჰომოფობიური პოსტი

ჰომოფობიური პოსტის გამო შესაძლოა, თამარ ივერი ავსტრალიაში სცენაზე არ აუშვან

თამარ ივერი
operanews.com

თამარ ივერს შესაძლოა ავსტრალიაში სცენაზე გამოსვლის უფლება არ მისცენ. ამის მიზეზი ერთი წლის წინ LGBT ადამიანების მისამართით გაკეთებული განცხადებაა, სადაც ოპერის მომღერალმა LGBT საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა.

ავსტრალიელი ოპერის მოყვარულები, კომენტატორები და შემსრულებლები სოციალური ქსელების საშუალებით მოითხოვენ, რომ ივერს ჰომოფობიური განცხადების გამო ავსტრალიაში სცენაზე გამოსვლის უფლება არ მისცენ.  

ქართველი მომღერალი ავსტრალიურ მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა.

“შოკირებული და გაოცებული ვარ ინტერნეტსა და ავსტრალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, როდესაც მე ჰომოფობს მიწოდებენ. კარიერის მანძილზე არაერთ გეი ადამიანთან მიმუშავია და ზოგიერთი ჩემი მეგობარიცაა. ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს, რომ არასდროს მითქვამს ისეთი რამ, რაც მოახდენდა ჩემს ასოცირებას ჰომოფობიურ იდეებთან. მე ყველა ადამიანს პატივს ვცემ და ყველ ტიპის დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგი ვარ” - წერ თამარ ივერი.

თამარ ივერი Facebook წერილში განმარტავს, თუ როგორ მოხვდა ჰომოფობიური პოსტი მის ოფიციალურ გვერდზე. მისი თქმით, ამ დღეს თბილისში გეი აღლუმს უნდა ჩაევლო თბილისში მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოს წინ, იმავე დღეს და იმავე დროს, როდესაც იქ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა.

იგი ასევე დასძენს, რომ მის გარდა Facebook-ის იგივე გვერდს იყენებს  მისი მეუღლეც, რომელიც ძალიან რელიგიური ადამიანია და სწორედ მან დაწერა LGBT ხალხის შეურაცხმყოფელი პოსტი.

“მან გადააკოპირა ჩემი ტექსტი, შეცვალა იგი მნიშვნელოვნად და ჩემი სახელით დაპოსტა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შევწუხდი ამის გამო და დაუყოვნებლივ წავშალე ის, მაგრამ ეს ტექსტი მე ვნახე ნახევარი საათის შემდეგ გამოქვეყნებიდან. ეს ტექსტი ჩემს მოსაზრებას არ გამოხატავს. ვწუხვარ, რომ დავაგვიანე მისი წაშლა და ეს ტექსტი უკვე გავრცელებული იყო ინტერნეტით” - წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თამარ ივერმა LGBT თემის წინაშე ბოდიში მოიხადა. მაშინდელ წერილში ივერი არ უარყოფს, რომ ჰომოფობიური პოსტი პირადად დაწერა და არა მისმა მეუღლემ, თუმცა მაშინ მან ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არასწორად იყო ინფორმირებული 17 მაისის აქციის შესახებ.

ავსტრალიაში ივნისსა და აგვისტოში დაგეგმილია ოტელოს წარმოდგენა მისი მონაწილეობით, სადაც ის დეზდემონას როლს ასრულებს. ავსტრალიურ მხარეს თამარ ივერის საქმეზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები