ენერგეტიკა

საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი აირი დისტრიბუციაში ჩაეშვება

საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღალოში, ამერიკულმა ენერგოკომპანიამ Frontera გაზის პროექტი გახსნა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში მოპოვებული გაზი მომხმარებელს მიეწოდება. Frontera-ს მოპოვებული გაზი შეუერთდება მთავარ მილსადენს და დისტრიბუციაში ქართული გაზი ჩაეშვება.

მილსადენს შეუძლია დღე-ღამეში 75 000 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი გადატუმბოს.

გაზის პროექტი ამერიკული Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა, გახსნა. მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია საქართველოს ისტორიაში, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისაკენ. 

გაზის პროექტის გახსნას საქართველოში ამერიკის სრულუფლებაინი ელჩი, რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა. ნორლანდმა განაცხადა, რომ ეს საქართველო-ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობისათვის აღსანიშნავი დღეა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, გარდა ენერგიის სატრანზიტო ქვეყნისა, მის პოტენციურ მწარმოებლადაც იქცევა. 

Frontera საქართველოში 1997 წლიდან აწარმოებს კვლევით სამუშაოებს და ამ დროის განმავლობაში 400 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ ენერგოსექტორში. 

კომენტარები