სამთავრობო ცვლილებები

მაჭავარიანი: 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან მოტანილი არ არის

ვანო მაჭავარიანი
interpressnews

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, "ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა". ამის შესახებ მაჭავარიანმა მაესტროს ცხრიანში თქვა და აღნიშნა, რომ "4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან მოტანილი არ არის". 

"მე ვფიქრობ, რომ კოალიციას და მთავრობას აქვს ბევრი თემა გადასაწყვეტი, მათ შორის, მათი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან - მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი გაგრძელდება თუ არა და იქნება თუ არა კოალიცია იმ შინაარსით, როგორიც დღეს არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჯერ კიდევ ცოცხალია. ვფიქრობ, ღარიბაშვილს ალბათ უნდა მინისტრების შეცვლა. მეც მის ადგილზე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მსმენია, თავად ქართული ოცნებიდან ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომელიც ჩემს ირგვლივ შექმნილ ფონს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შემიძლია, გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის, არ ვიცი, პრემიერმინისტრის თავში რა ხდება, მაგრამ ის, რომ მთავრობა არ არის ეფექტური, ესეც ფაქტია", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

თავად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი, "არავითარი სამთავრობო ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება". როგორც ღარიბაშვილმა 23 აპრილის მთავრობის სხდომაზე თქვა, სამთავრობო ცვლილებებსა და მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით ჭორებს "6%-იანი ნაციონალური მოძრაობა" აგორებს.

"ძალიან მაინტერესებს, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას ან გადატრიალების მცდელობას. მეეჭვება, ჩვენს გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ძალიან მარტივი გასაგებია ეს სპეკულაციები. მათი მთავარი მიზანია, მოსახლეობაში შეიტანონ გარკვეული დაძაბულობა, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და განწყობა გააუარესონ", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები