საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

პრეზიდენტი: ჩვენი და სომხეთის ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით ვითარდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ღრმავდება და პოზიტიური დინამიკით ვითარდება". როგორც მარგველაშვილმა სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ორივე ქვეყნის მომავლისთვის პოზიტიური შედეგი ექნება.

"მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რამდენიმე თვეში მე ვესტუმრე ერევანს, სადაც იყო უაღრესად თბილი შეხვედრა. უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ახლო მეზობელი და მეგობარი სომხეთის პრეზიდენტი პირველსავე წელს ჩამოვიდა ოფიციალური ვიზიტით თბილისში. ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო თანამშრომლობის ხაზგასმა. დღეს, ახალი ნაბიჯების გადადგმის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა. როგორც იცით, საქართველო 27 ივნისს ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, ხოლო ჩვენი მეზობლები სულ მალე გაწევრიანდებიან საბაჟო კავშირში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ნაბიჯებს ექნება მხოლოდ პოზიტიური შედეგი ორივე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერჟ სარგსიანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დახვდნენ. 

სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება. დღესვე სომხეთის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება, ხვალ კი პრემიერმინისტრთან გამართავს მოლაპარაკებას.

სერჟ სარგსიანი საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები