საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

საგარეო უწყება: სომხეთის ელჩთან შეხვედრაზე უკიდურესი შეშფოთება გამოვთქვით

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო უწყებამ სომხეთის ელჩი იური ვარდანიანი სამინისტროში მიიწვია. სამინისტროს ცნობით, "შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით".

გიგიაძის თქმით, მომხდარი ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის "ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას" და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.

"მინისტრის მოადგილემ ასევე გაკვირვება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს და აღნიშნა, რომ მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირების მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ხასიათის კომუნიკაცია ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება ერევანს" - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები