პრემიერი: დაბალ აქტივობას იმით ვხსნი, რომ ხალხს ხელისუფლების მაღალი ნდობა აქვს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ქართული ოცნების მაჩვენებელი 75%-ზე მეტი იქნებოდა. როგორც პრემიერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაბალი აქტივობა საზოგადოების სრულ ნდობას ნიშნავს. 

"სამწუხაროდ, გარკვეულ ოლქებში ნაკლები აქტივობა იყო. ჩვენ იმ ხარვეზებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ, უფრო მეტი აქტიურობა იყო ჩვენი მხრიდან საჭირო, თუმცა ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ჩვენი მაჩვენებელი 75 პროცენტზე მეტი იქნებოდა", - განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობის დაბალი აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შემდეგნაირად ახსნა.

"მე ამას ვხსნი იმით, რომ საზოგადოებას აქვს სრული ნდობა ჩვენი ხელისუფლების. სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის გარკვეული სიგნალი, მესიჯი ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ ეს არის გარკვეული გაფრთხილება – არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. ასეთი შედეგი არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ასეთ დემოკრატიულ ვითარებაში არასოდეს მოუპოვებია. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას, არა მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ძალას, არამედ მთელ მოსახლეობასა და მთელ საქართველოს", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

15 ივნისის არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 43% იყო. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება წინა არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობას.

კომენტარები