აარჩევნები 2014

ბაქრაძე: პირველად მიწევს მტკიცება, რომ 27 არის 6-ზე მეტი

"27 არ უდრის 6-ს", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მაჟორიტარული ოლქების 6%-ში გამარჯვება პარტიის 6%-იან რეიტინგს ნიშნავს. ამის შესახებ ბაქრაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ისაუბრა და ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

"ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ, ყველაფერი გამიგია - გამიგია არჩევნების გაყალბება არჩევნებამდე, გამიგია არჩევნების გაყალბება არჩევნების დღეს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, როცა მიწევს, დავიცვა არჩევნების შედეგები შედეგების გამოცხადების შემდეგ და ვამტკიცო, რომ 27 არის 6-ზე მეტი. ძალიან გამიჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსიც ვარ. ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ - თბილისში ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველ-მეორე ადგილზე გასული ძალები. ესენია ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ესაა მარტივი პასუხი, რომ თბილისში საუკეთესო ორი შედეგი აჩვენეს ამ პარტიებმა. იგივე მდგომარეობაა რუსთავში, თელავში, ყვარელში, ხონში, თერჯოლაში, ბათუმში და ა.შ. თვით ის ფაქტი, რომ მეორე ტურების უმრავლესობა ტარდება ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობით, ძალიან მარტივი პასუხია ამ ყველაფერზე. მეორე არგუმენტი, რაც შეეხება მაჟორიტარების რაოდენობას, რომლის დათვლასაც ცდილობს ქართული ოცნება. უბნების 6%, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, ნიშნავს არა 6%-იან მხარდაჭერას, არამედ იმას, რომ რაოდენობით უბნების ამ 6%-ში ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩევლის უმრავლესობამ და დავამარცხეთ ქართული ოცნება. ჩვენი მხარდაჭერა რომ 6% ყოფილიყო, როგორც დავამარცხებდით ქართულ ოცნებას? მან 2% აიღო იმ უბნებში? 6%-ის რეიტინგად გამოყვანა არის აბსოლუტურად არასწორი", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიამ ხმების 27% მიიღო, პროპორციული სიით არჩევნებში თავად პარტიამ კი, 26%. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის შეფასებით, მთავრობა დაკავებულია შამპანურების გახსნით და ქეიფით "მაშინ, როცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ გაიგონა ხალხისგან მთავარი გზავნილი - გაჭირვება, რომელმაც ამომრჩევლის 60% არჩევნებზე არ მიიყვანა".

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერის განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების 6.1%-ის გაყვანა შეძლო. როგორც პრემიერმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე აღნიშნა, "ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%". 

კომენტარები