პრემიერი: ენმ ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ ძალად

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ციფრებით მანიპულირებას. პრემიერმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და აღნიშნა, რომ "შედეგების მიხედვით, ქართული ოცნება არის დამაჯერებლად გამარჯვებული პოლიტიკური ძალა". პრემიერი აცხადებს, რომ "ენმ ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ ძალად, რაც აბსოლუტური ტყუილია". მისი თქმით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით ვერც ერთ თვითმმართველ ქალაქში ვერ მოახერხა ვერც ერთი მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანა.

"ვფიქრობ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, ამ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა, სრულიად შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას და მანიპულირებს ციფრებით. პირდაპირ ატყუებენ ჩვენს მოსახლეობას, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ მე მინდა ამ ადამიანებს შევახსენო, რომ დღეს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია საქართველოში. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართველმა ხალხმა გამოუცხადა სრული ნდობა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებზე და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც ნდობა გამოუცხადა ადგილობრივ არჩევნებზე. ამიტომ, აღვნიშნავ, რომ საქართველოს მასშტაბით, კოალიცია ქართულმა ოცნებამ მოიპოვა 67,6 %, თბილისში ქართული ოცნების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს – 74 %-ს . ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი, რომელიც არასოდეს დაფიქსირებულა და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ დამაჯერებლად გამარჯვებული პოლიტიკური ძალა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მათ შორის, არც მედია საშუალებებს, რომ ტყუილის ტირაჟირება მოახდინონ და მოსახლეობა შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში", - აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გასამართ მეორე ტურში, ქართულ ოცნებას ექვსი ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება.

"აქედან, ნაციონალური მოძრაობა გვიპირისპირდება მხოლოდ 6-ში. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მასშტაბით მოიპოვა მანდატების 67%, თბილისში კი - 72%", - განაცხადა მან და დაამატა, რომ ყველა რაიონსა და ქალაქში ქართული ოცნება ლიდერობს.

"ეს არის ის მაჩვენებელი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნებამდე. რასაც გვაჩვენებდა რეალური კვლევები. ეს ის მაჩვენებელია, რომელიც ძალიან ახლოსაა რეალობასთან, რომ არა ამომრჩეველთა შედარებით ნაკლები აქტივობა, ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა ჩვენს სასარგებლოდ და შემცირდებოდა ნაციონალური მოძრაობისთვის. საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს ქართული ოცნება, ჯამში 67,6 %-ით, ასევე ყველა გამგებელი და მერები ყველა რაიონსა და ქალაქში ლიდერობენ დამაჯერებლად და რამდენჯერმე უსწრებენ მეორე ადგილზე გასულ კონკურენტებს. მათ შორის იქ, სადაც მეორე ტური გაიმართება ქართულ ოცნებას ექვსი ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა პრემიერმა.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში გაიმართება. რვა ქალაქიდან ოთხში (თბილისი, თელავი, რუსთავი და ბათუმი) მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ასევე, ენმ-ის გამგებლობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან მმართველ კოალიციას ხუთ თვითმმართველ თემში (ყვარელი, თელავი, თერჯოლა, ხონი, ქობულეთი) გამგებლის არჩევნების მეორე ტურში. პრემიერი კი საუბრობს, რომ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გასამართი 21 მეორე ტურიდან, ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ ექვსში უპირისპირდება, რაც ცესკოს მონაცემებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები