მეწყერი რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა

რიკოთის უღელტეხილი
ალექსანდრე სულაძე / panoramio.com

დღეს, დილის 5 საათზე, რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრზე დაწყებულია ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დამეწყრილ ადგილს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან და მოამზადებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას გეოლოგების დასკვნის საფუძველზე აღადგენს.

კომენტარები