ხიდაშელი: არჩევნებმა დაადასტურა რომ ნაციონალური მოძრაობა რადარიდან ქრება

ნაციონალების რეალური რეიტინგი 3-4%-ია - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. 

ხიდაშელის თქმით, საკრებულოში 1048 მანდატიდან 850-მდე მანდატს ქართული ოცნების წარმომადგენლები აიღებენ და ნაციონალური მოძრაობისადმი გამოცხადებული ნდობა ხალხში იმდენად დაბალია, რომ ისინი, როგორც ოპოზიციური ძალა, რადარიდან ქრებიან. 

წამყვანის შენიშვნაზე, რომ ნიკა მელიამ არჩევნებში 28%, ნარმანიამ კი 46% აიღო, მან აღნიშნა, რომ მელიას რეიტინგი ნაციონალების რეიტინგი არ არის და რომ ცალკეული კანდიდატები პარტიის რეიტინგს არ ასახავენ, გარდა ამისა, ხიდაშელმა დაამატა, რომ დავით ნარმანია უპირობო ლიდერია და რომ ქართული ოცნება აბსოლუტური უმრავლესობით იმარჯვებს არჩევნებში, როგორც პროპორციული სიებით, ისე თვითმმართველ ქალაქებში. 

ხიდაშელის თქმით, 21 ოლქში დანიშნული მეორე ტურში 6 სხვადასხვა პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა მეორე უდიდესი პოლიტიკური ძალა აღარ არის. 

ნაციონალური მოძრაობა რომ რადარიდან ქრება, ეს თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა - თქვა ხიდაშელმა. 

ხიდაშელის თქმით, არჩევნებში დაბალი აქტივობა და მათი ამომრჩევლის ნახევარმილიონიანი კლება აიხსნება იმით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი იყო ომი, 2014 წლის არჩევნები კი ჩვეულებრივი სამოქალაქო ნების დაფიქსირების პროცესი, ამიტომ აქტივობების შედარება არასწორია. 

ხიდაშელმა ასევე ისაუბრა შსს-ს მიერ განხორციელებულ დაკავებებზე და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გაყალბებას არ დაუშვებს.

ჩვენ გუშინ ვიზეიმეთ დამაჯერებელი გამარჯვება. ის, რომ დათო იქნება თბილისის მერი, ეს ცალსახაა - თქვა ხიდაშელმა.

კომენტარები