შსს-მ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა

შსს-მ საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ სამინისტრომ ბრიფინგი გამართა. 

გამოძიებული იქნება დარღვევების ფაქტები მარნეულში, მარტვილში, ხონსა და დედოფლისწყაროში. 

მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც არჩევნების შედეგების გაყალბებას გულისხმობს. 

მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. გამოძიება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებიც დაკავებული არიან. მათ ბრალი 163-ე მუხლით წარედგინათ, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

დედოფლისწყაროს რაიონში, საარჩევნო უბნებზე მომხდარ ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებულია სამი პირი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება - განაცხადეს ბრიფინგზე. 

კომენტარები