GFK-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით, თბილისში მეორე ტური ჩატარდება

ორგანიზაცია GFK-მა თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა გამოკითხულთა 45.9%-მა მისცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა მელიას 27.6%-მა, დიმიტრი ლორთქიფანიძეს (ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია) 10.1%-მა, ხოლო ირმა ინაშვილს (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) 6.3%-მა.

გარდა ამისა, GFK-ის 18:00-ის მონაცემებით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ოთხ თვითმმართველ ქალაქში მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუსთავში, გორში, თელავსა და ბათუმში ვერც ერთმა კანდიატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.

GFK-ის ჩატარებული გამოკითხვის ცდომილება 3%-ია.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ პრემიერმა კოალიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა და ნარმანიას გამარჯვებაც მიულოცა.

კომენტარები