სსმმს: 18:00-მდე, საარჩევნო დარღვევის 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
PMMG

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ხარვეზებით ხორციელდება. ორგანიზაციის 18:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო პროცესში დარღვევის 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა. დამკვირვებლებმა დაწერეს 12 საჩივარი. 4 მათგანი დაკმაყოფილდა, ერთზე უარი ითქვა, დანარჩენი განხილვის პროცესშია.

მრავალეროვანი საქართველოს ცნობით, დაფიქსირდა აგიტაციის 6 შემთხვევა (ბოლნისის საარჩევნო ოლქის 50-ე საარჩევნო უბანი, მარნეულის საარჩევნო ოლქის მე-7 და 39-ე საარჩევნო უბნები, ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მე-17 საარჩევნო უბანი, საგარეჯოს ოლქის 48-ე საარჩევნო უნაბი, გარდაბნის ოლქის 41-ე საარჩევნო უბანი), საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის 6 შემთხვევა (ნინოწმინდის მე-12, კასპის 21-ე, მარნეულის 67-ე და მე-18, ბოლნისის 38-ე და 23-ე უბნებზე), საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების 3 ფაქტი (ახალქალაქის 68-ე, ბოლნისის 56-ე და 38-ე უბნები), უბნის არასათანადო მოწყობის 3 შემთხვევა: (ბოლნისის 38-ე უბანი, დმანისის მე-5 უბანი, მარნეულის მე-7 უბანი), წილისყრის ჩატარების წესის დარღვევის 1 ფაქტი (მარნეულის 72-ე უბანი), კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 9 შემთხვევა (ნინოწმინდის მე-12 უბანი, საგარეჯოს 46-ე უბანი, კასპის 26-ე უბანი, მარნეულის 48-ე უბანი, ახალქალაქის 68-ე უბანი, გარდაბნის მე-10 უბანი, ნინოწმინდის მე-12 უბანი, მარნეულის მე-10 უბანი, ბოლნისის 42-ე უბანი).

ამის გარდა, სსმმს-ს 18:00-ის მონაცემებით, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში ყუთის მობრუნების შემდეგ, ამომრჩეველთა ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული. ამავე უბანზე, რეგისტრატორმა ამომრჩევლის სიაში, სხვა პირის გრაფაში მოაწერინა ხელი ამომრჩეველს, რის გამოც მეორე ამომრჩეველს დაეკარგა ხმის მიცემის უფლება. დაიწერა საჩივარი რეგისტრატორის პასუხისმგებლობის საკითხზე.

ასევე, მარნეულის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე, სოფელ შაუმიანში, დაფიქსირებულია არასათანადო დოკუმენტით (მართვის მოწმობით) ხმის მიცემის მცდელობა. ხოლო #83 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა ხმა მარკირების შემოწმების გარეშე მისცა.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობითვე, ახალაქალაქის საარჩევნო ოლქის 46-ე საარჩევნო უბანზე, კონვერტების არასწორი გამოყენების გამო, ამოიწურა კონვერტების რაოდენობა. ხმის მიცემა გაგრძელდა უბანზე კონვერტების გარეშე - ამომრჩევლები ბიულეტენებს ყუთში კონვერტების გარეშე ყრიდნენ. დამკვირვებლების რეაგირების შემდეგ, მიიტანეს კონვერტების დამატებითი რაოდენობა. ასევე, #40 ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოქმის გადაღებისათვის ითხოვდა გარკვეული თანხის ცესკოს ანგარიშზე შეტანას.

კომენტარები