ნიკა მელიამ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა

ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანია დღეს სრულდება. ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა საკუთარ უბანში მთაწმინდის რაიონის ამომრჩევლებთან გამართა. მან ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დავით ავალიანთან ერთად წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

3 თვის განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა 250-ზე მეტი შეხვედრა გამართა. იყო ხელისშეშლის ფაქტებიც, როდესაც ოპოზიციის კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ნიკა მელია დღეს ევროსაბჭოს კონგრესმენების დელეგაციის წევრებს ესაუბრა.

დღის ბოლოს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ყრილობას დაესწრო და ამომრჩევლებს მიმართა.

აღნიშნული ღონისძიებით ნიკა მელიამ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა. ხვალ ქვეყნის მასშტაბით დუმილის დღეა და ნებისმიერი სახის აგიტაცია აკრძალულია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კვირას, 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები