ენმ: ქართული ოცნების თეთრიწყაროს შტაბის წევრები ჩვენს აქტივისტებს დაემუქრნენ

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ, რომელზეც ენმ-მ თეთრიწყაროში ქართული ოცნების სიის პირველი ნომრის გოჩა თედორაძის არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა, "ქართული ოცნების შტაბის წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიუვარდნენ". ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების შტაბის წევრმა თემურ ბეგიაშვილმა გაიმეორა მუქარა: რადგან ჩვენი მუქარის შესახებ საჯაროდ განაცხადეთ, ახლა ნამდვილად დაგამტვრევთ ფეხებსო".

"ნადვილად არ გვაქვს იმედი, რომ მინისტრი წულუკიანი თუნდაც ამ ფაქტზე მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ ამ ზღვარგადასულ, ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტან უსამართლობაზე სწორ რეაგირებას საქართველოს მოქალაქეები მოახდენენ" - თქვა ჭიაბერაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

დილით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამართალდამცველ ორგანოებს და უწყებათშორის კომისიას თეთრიწყაროს რაიონში ქართული ოცნების სიის პირველი ნომრის და შტაბის უფროსის, გოჩა თედორაძის საკითხით დაინტერესების მოთხოვნით მიმართა. ნაციონალური მოძრაობა გოჩა თედორაძეს მათ კანდიდატზე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თედორაძე არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, თეთრიწყაროს რაიონის დურნუკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის სვეტლანა ჯირაშვილის მეუღლეს, გევორქ ჯირაშვილს 10 ივნისს, დაახლოებით 22.30 საათზე მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერზე დაურეკა ქართული ოცნების შტაბის უფროსმა, სიის პირველმა ნომერმა გოჩა თედორაძემ და დაემუქრა, რომ "თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ამომრჩევლები არჩევნებზე მივიდოდნენ, ფეხებს დაამტვრევდა." მისივე თქმით, ამას წინ უძღოდა მუქარა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით.

პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარადგინა მაგთიკომის ამონაწერი, რომელიც, მისივე განმარტებით, ზარების განხორციელებას ადასტურებს.

კომენტარები