ერაყი

ერაყში ისლამისტები სამთავრობო ძალებზე შეტევას განაგრძობენ

ერაყში ისლამისტები შეტევას განაგრძობენ. ალ კაიდას მოკავშირე, ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქალაქი ტიკრიტი აიღეს. ასევე ვრცელდება ცნობები ბაღდადიდან 125 კილომეტრში ქალაქ სამარიაში ბრძოლების შესახებ. მანამდე ისლამისტებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული დაიკავეს. ერაყელმა სამხედროებმა დღეს ქალაქი კირკუკი დატოვეს, რომელიც ქურთისტანის ავტონომიის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს.

ერაყის ჯარი და პოლიცია პანიკაშია, პოზიციებს ტოვებს და დედაქალაქისკენ უკან იხევს. ერაყის მთავრობას დახმარებას შეერთებული შტატები შეპირდა. სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ისლამისტების მიერ დაკავებული რაიონები ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ქურთისტანის მთავრობა დახმარებას გაეროს სთხოვს. 

ერაყის მთავრობა კი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება. ისლამისტების შეტევამ დედაქალაქის მოსახლეობაც შეაშინა. 

ისლამისტებს მოსულში თურქეთის საკონსულოს 50-მდე თანამშრომელი მძევლად ჰყავთ აყვანილი. ანკარა მათ გათავისუფლებას მოითხოვს.

"ყველამ იცის, რომ ერაყში, სირიაში თუ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მოქალაქეებს რამე რომ დაემართოს, გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით. ჩვენს გამოწვევას ნურავინ ეცდება. თუ ჩვენს მოქალაქეებს რამე დაემართებათ, შურისძიება ძალიან მძიმე იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ" - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმეთ დავუთოღლუმ.

კომენტარები