წულუკიანი: სახელმწიფო ძალადობა წარსულს ჩაბარდა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელზეც მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება არ ძალადობს ხალხზე, კანდიდატებსა და მედიაზე. როგორ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე თქვა, "სახელმწიფო ძალადობა წარსულს ჩაბარდა".

მისი განცხადებით, 15 ივნისის არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომლის წინა პერიოდშიც გამოხატვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი, ხოლო შეკრების თავისუფლება - უზრუნველყოფილი და "ცალკეული ინციდენტების არსებობისას, პოლიცია იქით კი არ ცემს პოლიტიკურ აქტივისტს, არამედ იცავს მას განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა". თეა წულუკიანის განცხადებითვე, ეს არის პირველი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის წინა პერიოდშიც პრემიერმა ძალოვან სტრუქტურებს მორატორიუმი დაუწესა და "ამომრჩეველმა იცის, რომ არის თავისუფალი". მისი თქმით, თავისუფლების სანიმუშო მაგალითი ამომრჩეველს შარშანდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მისცა.

"დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ ის საკუთარი თავისუფალი არჩევანისთვის არ დაისჯება, ეს კი თვითმმართველობის არჩევნებზე ხდება პირველად. ალბათ ამიტომაც, ამომრჩევლები ღელავენ და თავიანთი ბედის გადაწყვეტა რომ მათივე ხელშია, თავისუფლებისგან გამოწვეულ ემოციებს ხანდახან ვერ ერევიან. ბოლო დღეებში ტემპერატურამ სხვა მხრივაც იმატა და თავისუფალ ამომრჩეველთან ერთად, ყველა პარტიის კანდიდატებიც ანერვიულდნენ. როგორც ყოფილმა კანდიდატმა და გამარჯვებულმა კანდიდატმა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ რაიონში, მინდა, შევახსენო კანდიდატებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმშვიდე, ხოლო გამარჯვების რეცეპტია პოლიტიკური თავდაჭერილობა, სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და დამაჯერებლობა. ანერვიულებულ და აგრესიულ კანდიდატებს ამომრჩევლები მხარს არ უჭერენ" - აცხადებს წულუკიანი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, "არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა". როგორც საია-ს შუალედურ ანგარიშში წერია, გახშირდა ისეთი საარჩევნო დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ფიზიკური დაპირისპირება. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედური ანგარიშის მიხედვით კი, NDI-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების დაკვირვებები დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე - ზურაბ ჭიაბერაშვილსა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის, ასევე დავით კოდუას ცემის ფაქტზე. NDI-ის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერებმა აღნიშნული ფაქტები მკაცრად უნდა დაგმონ. 

კომენტარები