ცაგერში გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას კვერცხები დაუშინეს

ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს ამჯერად ცაგერში დაესხნენ და კვერცხები დაუშინეს. პარტიის წევრების ინფორმაციით, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოსახლეობასთან შეხვედრისას დახვდნენ ქართული ოცნების წევრები და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მათ ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივი ლიდერები და საკრებულოს წევრობის კანდიდატები: ლაშა კვირკველიშვილი, გოგიტა ახვლედიანი, რამაზ მირცხულავა, მირიან ხეცურიანი, თენგიზ ახვლედიანი, ნოდარ ახვლედიანი და მამუკა ჩიქოვანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ახლა გამოჩნდება, არის თუ არა რეალური მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლაში მონაწილე ყველა პირი სათანადოდ დაისჯება.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში. მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია შესათავაზებელი საქმეები, ცდილობს ოპონენტებს ხელი შეუშალოს კამპანიაში. ამ და ძალადობის სხვა ფაქტების გამოძიება იქნება მორიგი ტესტი მთავრობისთვის. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს", - აცხადებს ენმ.

ცნობისთვის, ეს არ არის ოპოზიციის ლიდერებზე ზეწოლის პირველი შემთხვევა. 7 ივნისს ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს ბათუმში დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

5 ივნისს კი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, "ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას". პრემიერის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, პოლიციამ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ ყველა შესულ შეტყობინებაზე მიიღო შესაბამისი ზომები. უწყების მტკიცებით, რეაგირების გარეშე არცერთი ფაქტი არ დაუტოვებიათ.

კომენტარები