ბათუმში გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გიორგი ბარამიძეს თავს დაესხნენ

ბათუმში, ენმ-ს ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, დაპირისპირება შეხვედრაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ დუაძის და "სახალხო კრების" წევრის დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიწყო. სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების მორალური უფლება არ აქვს. დაპირისპირება 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ამოწურვის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა.

დღესვე გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ბოკერიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე, ახალმა მთავრობამ, რომელიც ოთხი წლით აირჩიეს, მიიღოს ძალიან ძლიერი სიგნალი ხალხისგან.

კომენტარი მომხდართან დაკავშირებით გიგი უგულავამაც გააკეთა: ”ნამდვილად ვერ გეტყვით ვინ იყო ეს ხალხი, მაგრამ ისინი ფაქტიურად მოსულები იყვნენ, რომ აერიათ. ბავშვები არიან, ქალბატონები არიან, შეხვედრაა. ჰაბიტუსიდან, კუნთების დიამეტრიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს ხალხი ხელისუფლების მიერ არის მოგზავნილი. თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ნახევარი საათია ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს შეხლა-შემოხლა და თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და ვხედავთ, რომ ქალბატონებს და ბავშვებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა, ერთ ფორმიან პოლიციელსაც ვერ ვხედავთ აქ. შესაბამისად, დასკვნა მოსახლეობამ უნდა გამოიტანოს", - თქვა უგულავამ.

”ის რაც დღეს ხდება, გაჩერებულია მთელი ქვეყანა, ეს ქალაქი, არ იმჩნევენ იმას, რომ კრიმინალი და უმუშევრობა იზრდება, არ იმჩნევენ, რომ ბიუჯეტი გაირღვა. ამას ყველაფერს უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი- შენჯღრევის. არავის არ დავიწყნია მათი დაპირებები და არავინ არ აპირებს, რომ მოუწონოს მათ სიზარმაცე, უნიათობა, კინკლაობა და პოლიტიკური ბოღმის ნთხევა. თუ ეს სიგნალი მათ არ მიიღეს, ჩვენ უფრო მეტ ზიანს მივიღებთ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, უნდა  მას არ მაქვს ილუზია, რომ ივანიშვილი-ღარიბაშვილის პოლიტიკურ გუნდს შეცვლიან, ”მაგრამ უნდა ვაიძულოთ, რომ ნაკლები ზიანი მოიტანონ და უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაცა მაინც გააკეთონ. ამ არჩევნების შედეგად, გარდა იმისა, რომ საქმის მკეთებელ ხალხს ავირჩევთ ბათუმში და მთელ საქართველოში, უნდა დავიწყოთ კამპანია, რომ გადასახადების შემცირება მაინც ვაიძულოთ ამ მთავრობას. თუ პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება, დარწმუნებული ვარ, ეს მოხერხდება და ჩვენ ისევ ერთად ავამუშავებთ საქართველოს", - თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები