მრავალეროვანი საქართველო მარნეულში კანდიდატის მოხსნას ზეწოლად აფასებს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მარნეულში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას კანდიდატზე ზეწოლად აფასებს.

როგორც მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს განცხადებაშია აღნიშნული, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბს აცნობა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურა საარჩევნო სიიდან მოიხსნა.

ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლს, რომლის თანახმად კანდიდატი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე.

„მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელთა მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი აკმამედ იმამკულიევი უცხოეთში 14 ვიზიტით (ჯამში წლის განმავლობაში 310 დღემდე) იმყოფებოდა და თითოეული ეს ვიზიტი პირადი იყო. მრავალეროვანი საქართველო ამ ფაქტს აფასებს, როგორც კანდიდატზე ზეწოლას. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გადაწყვეტილებას კი აფასებს, როგორც მიკერძოებულს. მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწეროს", - ნათქვამია განცხადებაში.

„ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ იმამკულიევის კანდიდატურის მოხსნა მის ეთნიკურ წარმოშობას უკავშირდება. მრავალეროვანი საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს თემებს და არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები