არასაპარლამენტო ოპოზიცია: ჩვენს თელავის მერობის კანდიდატს თავს დაესხნენ

საარჩევნო ბლოკის არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, დღეს თავს დაესხნენ ბლოკის თელავის მერობის კანდიდატს გიორგი მოსიაშვილს. მათი ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ოფისიდან გამოსული მოსიაშვილი ავტომობილში ჩაჯდა.

"ამ დროს მას მიუახლოვდა პიროვნება, რომელიც ყელის გამოჭრით დაემუქრა და დანა მოიმარჯვა. საბედნიეროდ, მოსიაშვილის მეგობარმა, რომელიც საჭესთან იჯდა, მოასწრო მანქანის დაძვრა და თავდამსხმელს არ მიეცა ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება. თავდამსხმელმა გიორგი მოსიაშვილს უთხრა მიზეზი, რის გამოც მისთვის „ყელი უნდა გამოეჭრა“. ეს მიზეზია მოსიაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც მან ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და დამფინანსებელი ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი მონოპოლიურ ბიზნეს-საქმიანობაში დაადანაშაულა და პრემიერმინისტრს მოუწოდა, აღკვეთოს თელავში მონოპოლიები" - აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიცია და დაუყოვნებლივ ითხოვს საქმის გამოძიებას, თავდამსხმელის დასჯას, დამკვეთთა დადგენას და გიორგი მოსიაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

"ჩვენს კანდიდატზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მივაწვდით" - აღნიშნავს საარჩევნო ბლოკი.

კომენტარები