თეორემა

სოფლის შენებას რა უნდა

ალბათ ყველას გახსოვთ ქართული მულტფილმი - სოფლის მაშენებლები, რომლის პერსონაჟებიც რიხით ამტკიცებენ, რომ სოფლის შენებას "კაი სიმღერის თქმა და კაი ბანი უნდა". ქართველი პოლიტიკოსები ამ მულტფილმის პერსონაჟებს ჰგვანან. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად - მაგრამ ყველა სოფლის შენებას გვპირდება

ის, რომ პოლიტიკოსები სოფლის მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობენ გასაკვირი სულაც არაა - საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, პოლიტიკოსებს მათი საარჩევნო ხმები სჭირდებათ.

ამომრჩევლის გულის მოგების სურვილი პოლიტიკოსისთვის დასაძრახი როდია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ეკონომიკის ამ დარგის შესახებ საუკეთესო შემთხვევაში ზედაპირულია, ხოლო უფრო ხშირად - უბრალოდ ტყუილი.

2011 წლის ოქტომბერში ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა გამხდარა. თურმე მთავრობა, ბენდუქიძის ზეწოლით, ხელს უშლიდა მილიარდერს ქართული სოფელი წილკნის ინ ვიტრო ლაბორატორიებში გამოყვანილი ელიტური თესლით გაემდიდრებინა.

დადგა 2012 წლის ოქტომბერი, ბიძინა ივანიშვილის გუნდი თითქმის ორი წელია ხელისუფლებაშია. ოლიგარქის დატოვებული პრემიერი ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარებას გვპირდება და ამტკიცებს, რომ განვითარებული სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ძლიერი ეკონომიკის ფუნდამენტი.

თეორემას პირველ ნაწილში მიმოვიხილავთ როგორ შესრულდა 2012 წელს ქართული ოცნების მიერ სოფლის მაცხოვრებლებისთვის მიცემული პირობები - დარიგდა თუ არა კარტოფილის ელიტური თესლი, უფასო შხამ ქიმიკატები, შეიქმნა თუ არა 100 000 სამუშაო ადგილი. ასევე ვიმსჯელებთ იმაზე როგორ აპირებს ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარებით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, მაშინ როდესაც მსოფლიო გამოცდილება საწინააღმდეგოს მიუთითებს - ფაქტია, რომ ყველა ძლიერ ეკონომიკაში, მათ შორის ღარიბაშვილის მიერ ხშირად ნაქებ ისრაელში, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკის 3 პროცენტს არ სცდება.

სტუმრები: გიგლა აგულაშვილი, ვატო ლეჟავა, ნინო ზამბახიძე, ზვიად ხორგუაშვილი.

კომენტარები