ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო დღეებში პოლიტიკურ შხამს ანთხევს. ბოკერია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ღარიბაშვილი აკეთებს სამარცხვინო, კატასტროფულ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს". მისი თქმით, საქართველოს პრემიერი "ამ ბოლო დღეებში ისეთ პოლიტიკურ შხამს ანთხევს", რომ ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ქართულ დემოკრატიას წინ დახვდება.
"ნორმალურია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სურს არჩევნებში გამარჯვება და არ იქნება გასაკვირი, თუკი მმართველი ძალის ლიდერი იტყვის, რომ "ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ". მაგრამ მის რიტორიკაში მკაფიოდ ჩანს ის თუ რა ხდება. მან განაცხადა, რომ არ დაუშვებს სხვის გამარჯვებას, თქვა, რომ პლანტაციებში მონებად უნდა ამუშაოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ძალადობა გაზრდილია, ძალადობის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული და ხდება დაშინების გზით კონკურენციიდან კანდიდატების ჩამოშორება. ამ ფონზე განცხადება იმის შესახებ, რომ სხვის გამარჯვებას არ დავუშვებთ, არის ღია დადასტურება იმისა, რაც ხდება – პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არაკონკურენტული საარჩევნო გარემო", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.
მისივე შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ღია სიგნალს მიიღებს ამომრჩევლისგან, "რადგან მან წელიწადნახევრის განმავლობაში ხალხს თავი დაამახსოვრა უნიათობით, სიზარმაცით, კრიმინალისა და უმუშევრობის ზრდით და საკუთარი თავისთვის პრემიების დარიგებით".





