ნაციონალური მოძრაობა ღარიბაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობას ოპოზიციური პარტიის კანდიდატების დაშინებასა და დაშანტაჟებაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერმინისტრის ოზურგეთში გაკეთებული განცხადება ადასტურებს იმას, თუ რის გამო განაცხადეს უარი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე.

 „ოზურგეთში ღარიბაშვილმა უკვე ღიად გამოაცხადა ის რასაც ბოლო ორი კვირაა სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებით სჩადის საქართველოს ხელისუფლება. დიახ, საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ დაუშვებს, რომ რომელიმე სოფელსა თუ რაიონში  გაიმარჯვოს სხვა პოლიტიკურმა ძალამ და ამისათვის ყველაფერს აკეთებს, აშანტაჟებს და აშინებს კანდიდატებს, ზეწოლას ახორციელებს მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, იყენებს ძალოვანი სტრუქტურების ყველანაირ რესურსს და მაქსიმალურად ცდილობს არჩევნების შედეგი არჩევნების დღემდე გააფორმოს“,  - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.   

პარტიის განცხადებით სწორედ ეს ხდება საქართველოს უმეტეს საარჩევნო ოლქებში -  შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამ დაშინებებისა და ზეწოლის უშუალო შემსრულებელი და ამ პროცესს კოორდინაციას მინისტრის პირველი მოადგილე ზედელაშვილი უწევს. განსაკუთრებული აქტივობაა ქვემო ქართლში. ამ პროცესს რეგიონში სამხარეო პოლიციის უფროსი კვიციანი ხელმძღვანელობს.

დმანისის საარჩევნო ოლქში შექმნილი სიტუაცია საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. მიუხედავად ცესკოს თავმჯდომარის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებისა, მიუხედავად პრესის საკმაო მაღალი ყურადღებისა, ზეწოლა, დაშინება და შანტაჟი ისევ გრძელდება. ამ პროცესს დმანისის პოლიციის უფროსი გიგანი ხელმძღვანელობს,  - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა აღნიშნავს, რომ 30 მაისს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორმა კანდიდატმა „საკუთარი სურვილით“ უარი განაცხადა კანდიდატობაზე. ესენი არიან მარინა ბეგდარაშვილი (პარტიული სიის N16) და შოთა ადუაშვილი (პარტიული სიის N6 და განთიადის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი). ამ უკანასკნელთან გუშინ დილით თბილისიდან ჩამოვიდა მისი ძმისშვილი - მევლუდ ადუაშვილი და აიძულა ბიძა განცხადება დაეწერა, რათა მას და მის ბიზნესს პრობლემები არ შექმნოდა.

დაძაბული ვითარებაა მარნეულის საარჩევნო ოლქშიც. საკითხი შეეხება ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს - აკმამედ იმამგულიევს. „პირველივე დღიდან, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ბატონი იმამგულიევი იქნებოდა გამგებლობის კანდიდატი, საკმაოდ ბევრი ადამიანის, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების, მათი ნათესავების, პარლამენტის წევრების მხრიდან იყო პირდაპირი მცდელობა, რათა დაეთანხმებინათ იმამგულიევი მოეხსა კანდიდატურა. თუმცა ვერანაირი დაპირებებითა და დაშინებით შედეგს ვერ მიაღწიეს. ამჟამად ახალი მცდელობა წამოიწყეს - დღემდე სრულიად უცნობი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის თვმჯდომარის ემზარ პაქსაძის სახელით ცესკოში შევიდა განცხადება იმამგულიევის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით რომ მას ბოლო ორი წელი მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში““,  - აღნიშნულია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ცესკოს, გამოიჩინოს ობიექტურობა, დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ერთერთი მთავარი მოვალეობა - ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველ7ყოს თანაბარი, ერთგვაროვანი საარჩევნო პირობები და გარემო. „არ გახდეს ხელისუფლების ბრმა ინსტრუმენტი კანდიდატებსა და საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლის აღვირახსნილ კამპანიაში“.

„მივმართავთ უწყებეთაშორის კომისიას, უზრუნველყოს კანდიდატებზე ზეწოლისა და მათი შანტაჟის თითოეული ფაქტის გამოძიება და კანონით დადგენილი ზემოქმედების განხორციელება.მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს განახორციელონ მონიტორინგი თითოეულ ასეთ ფაქტზე“,  - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

 ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს, კერძოდ, განაცხადა: “ჩვენ არცერთ რაიონში, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საქართველოს არც ერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალისგამარჯვება. ეს იქნება პირველ რიგში დამაზიანებელი იმ რაიონის მოსახლეობისთვის, რომელმაც შეიძლება, რომ აირჩიოს სხვა პოლიტიკური ძალისგამგებელი თუ მერი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი.”

კომენტარები