ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობა

ლე პენი: ევროკავშირი პასუხისმგებელია იმაზე, რაც უკრაინაში ხდება

"ევროკავშირი პასუხისმგებელია იმაზე, რაც უკრაინაში ხდება", - განაცხადა საფრანგეთის  ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა. 

"მე ვემხრობი უკრაინის ფედერალიზაციას. ევროკავშირი ცეცხლზე ნავთს ასხამს, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის ნახევარიც აღმოსავლეთისკენ იყურება, ევროკავშირმა ეკონომიკური პარტნიორობა შესთავაზა", - განაცხადა ლე პენმა. 

მისივე თქმით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ამერიკას ევროპაზე მეტად საკუთარი ინტერესები აღელვებს და გამუდმებით ცდილობს მსოფლიოში საკუთარი პოზიციების გამტკიცებას. ლე პენის თქმით, "ევროპის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები და ამერიკის თვალით არ უნდა უყურებდნენ ყველაფერს". 

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები "ამერიკის მითითებით ცუდ ფერებში წარმოაჩენენ რუსეთს". ასევე, ლე პენის თქმით, ვლადიმირ პუტინი "არ უშვებს სხვა ქვეყნების მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების იძულებას" და "იცავს რუსეთის და რუსების ინტერესებს". 

ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთის "ნაციონალურმა ფრონტმა", რომელსაც ლე პენი ხელმძღვანელობს, ხმების 25.7 პროცენტი მიიღო. პირველად ისტორიაში, მან გაუსწრო საფრანგეთის ტრადიციულად მოწინავე პარტიებს. პარტია აპირებს ითანამშრომლოს ევროპარლამენტის რადიკალურ ძალებთან, როგორიცაა საბერძნეთის "ოქროსფერი გარიჟრაჟი", უნგრეთის "მოძრაობა უკეთესი უნგრეთისთვის" და გერმანიის "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია".
  

კომენტარები