პოლიციელის დღე

პრემიერი: პოლიციელების კრიტიკას საკუთარ თავზე ვიღებ

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელების მიმართ გამოთქმული კრიტიკა  ხშირ შემთხვევაში, არაობიექტური და უსამართლოა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

"ხანდახან, ცალკეული ადამიანების მხრიდან მესმის კრიტიკა პოლიციელების საქმიანობასთან დაკავშირებით. მე მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ამას მე ძალიან განვიცდი. ამას მე საკუთარ თავზე ვიღებ და მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკა არის არაობიექტური და უსამართლო. ამიტომ, მე მინდა ყველას გთხოვოთ, არავის მივცეთ საბაბი, თუნდაც უსამართლოდ გაკრიტიკონ თქვენ. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ გვმართებს დიდი გონიერება და სიფრთხილე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს. ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. 

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება”. პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.

კომენტარები