პოლიციელის დღე

უსუფაშვილი: დღევანდელ დღეს მხოლოდ დამნაშავეთა სამყაროს ვერ მივულოცავ

"დღევანდელ დღეს ვერ მივულოცავ მხოლოდ დამნაშავეთა სამყაროს, დანარჩენს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ. უსუფაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ისეთი შეიარაღება და ექსპერტიზისთვის აუცილებელი ტექნიკა, რომ დანაშაული აუცილებელად გაიხსნება, ამიტომ, მისი თქმით, ვინმეს დანაშაულის ჩადენის აზრი თუ გაუჩნდება, უნდა დაფიქრდეს - ღირს თუ არა ამის გაკეთება. 

"ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. პოლიციის დღე გვიხარია იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და იქნებიან დაცულები. ვულოცავ ყველა პოლიციელს, რომლებიც დღევანდელი დღის მდგომარეობით და უწინაც იყო თავისი ქვეყნის, ადამიანის უფლებების, კანონიერების სადარაჯოზე. ვისურვებდი, რომ საქართველოში ეს დღე ყოველთვის აღინიშნებოდეს ამაღლებულ განწყობაზე და ჩვენ გვქონოდეს მეტი და მეტი იმედი პოლიციის და პოლიცელის და ნაკლები და ნაკლები განცდა იმისა, რომ რაიმე საფრთხე გველის სტრუქტურებიდან, რომლებსაც აქვთ იარაღი და უფლება - დაგვაკავონ. ამასთანავე, ვისაც დანაშაულის თაობაზე რაიმე აზრი გაუვლის, კარგად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა ამის გაკეთება. დღეს ჩვენ ვნახეთ, ის შეიარაღება, მოწყობილებები, კონკრეტული სისტემები, ექსპერტიზისთვის აუცილებელი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ყველა დანაშაული უნდა გაიხსნას საქართველოში. მე და პრემიერმა მოდელირებულ ვერსიაში გავაუნებელვყვეთ ყაჩაღების ჯგუფი და ეს არ იქნება მხოლოდ მოდელირებული. დღევანდელ დღეს ვერ მივულოცავ მხოლოდ დამნაშავეთა სამყაროს, დანარჩენს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს. ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. 

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება”. პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.

კომენტარები