პოლიციელის დღე

სოსო ალავიძეს შს მინისტრმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა

თბილისის პოლიციის ორ ყოფილ უფროსს - სოსო ალავიძეს და მერაბ ბაღათურიას შინაგან საქმეთა მინისტრმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ისინი დღევანდელ ღონისძიებას ვეტერანის სტატუსით ესწრებოდნენ. ალავიძის და ბაღათურიას თქმით, ისინი ბათუმში სტუმრის სტატუსით პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა დაჰპატიჟა.

„ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს – მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელობას, რომელსაც ურთულეს პერიოდში უხდება ურთულესი საქმის გაძღოლა და დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ვშრომობდით“, - განაცხადა ღონისძიების დასრულების შემდეგ სოსო ალავიძემ.

კითხვაზე, დაინტერესდებოდა თუ არა იგი სისტემაში დაბრუნებით შეთავაზების შემთხვევაში, ალავიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე არ უფიქრია. ხოლო კითხვაზე - შესთავაზეს თუ არა, მან თქვა, რომ "უკვე სხვა თემაზე გადავედით".

სოსო ალავიძე თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს იკავებდა. იმ პერიოდში, მერაბ ბაღათურია საბურთალოს პოლიციის უფროსი იყო, მოგვიანებით კი, თბილისის პოლიციის უფროსი გახდა. მან ეს პოსტი 2006 წელს დატოვა. 

კომენტარები