პოლიციელის დღე

ჭიკაიძე: მოწოდებულები ვართ, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "ყველა მოწოდებულები ვართ, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი". ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ჭიკაიძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

“ჩვენ ყველა, სამინისტროს თანამშრომლები, ვართ მოწოდებული, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათი უსაფრთხოების და ჩვენი სამშობლოს - საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. მე დარწმუნებული ვარ, ყველა ღირსეული ოფიცერი თავის სიცოცხლესაც არ დაინანებს თავისი ქვეყნის და თავისი ქვეყნის შვილების საკეთილდღეოდ და ამის მრავალი მაგალითია”, - აღნიშნა მინისტრმა და პოლიციელის დღე იმ ოჯახებსაც მიულოცა, "რომლებმაც შვილები ქვეყნის კეთილდღეობას შეწირეს". ჭიკაიძის თქმით, "დარწმუნებული ვარ, მათი ოჯახები ამაყობენ და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ჩვენგანი მათ შვილებზე, მათ ოჯახზე განსაკუთრებულად იზრუნებს”.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მოქმედი პოლიციელები და შსს-ს ვეტერანები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ ღონისძიებას ვეტერანების სტატუსით თბილისის პოლიციის ორი ყოფილი უფროსი – სოსო ალავიძე და მერაბ ბაღათურიაც ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს. ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. 

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე, სადაც შსს-ს დანაყოფებმა თავიანთი ავტოპარკი, ტექნიკა, იარაღები და აღჭურვილობა წარმოადგინეს.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება”. პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.

კომენტარები