პოლიციელის დღე

პრემიერი: პოლიციელის საქმე ძალიან საპატიო და დასაფასებელია

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პოლიციელები ურთულეს და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურებიან.

"თქვენ იცავთ სახელმწიფოებრივ წესრიგს ქვეყანაში და დგახართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. თქვენ ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ თქვენი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამიტომ არის პოლიციელის საქმე ძალიან საპატიო და დასაფასებელი. დღეს მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო ჩვენს გმირ პოლიციელებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას შეეწირნენ. მეგობრებო, გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს. ამასთან, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინიციატივით, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების წინ, დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გაიხსნა. შსს-ს ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2008 წელს დაღუპული, ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 23 წლის ლეიტენანტ არტურ ბერუჯანიანის სახელი ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში იმ ქუჩას დაერქვა, სადაც გამომძიებელი ცხოვრობდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2007 წელს დაღუპული ადიგენის რაიონული განყოფილების დაბა აბასთუმნის ქვეგანყოფილების კრიმინალური პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტან თამაზ ჩილინგარაშვილის სახელი ეწოდა ადიგენის რაიონის სოფელ არალში მდებარე საბავშვო ბაღს, რომლის აღსაზრდელიც იყო თამაზ ჩილინგარაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება”. პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.

კომენტარები