პოლიციელის დღე

ენმ: პოლიციელის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ოპოზიცია არ მიუწვევიათ

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს და სინანულს გამოთქვამს, რომ დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე ოპოზიციის არცერთი ლიდერი მიწვეული არ არის. ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიციის ფორმირება სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მოხდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თითოეულ პოლიციელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. სინანულით გვინდა აღვნიშნოთ ამჟამინდელი ხელისუფლების ვიწრო პარტიული მიდგომით გამოწვეული გადაწყვეტილება - დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე არ მიიწვიოს ოპოზიციის არცერთი ლიდერი. ეს ერთიორად დასანანია, რადგან შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან პრაქტიკულად შეზრდილი პოლიციის ნაცვლად თანამედროვე პოლიციის შექმნა სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მოხდა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ პოლიციელებს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს”, - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს ბათუმში აღნიშნავს. 14:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ოფიციალური საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.

შსს-ს ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავს და პროფესიულ დღეს მიულოცავს. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამშრომლებს პოლიციელის დღეს მიულოცავს და პირადად დააჯილდოებს მოქმედ პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წლიდან, პოლიციელის პროფესიული დღე 6 მაისს აღინიშნებოდა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციელის დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 აპრილის №263 ბრძანებულება”. პოლიციელის დღის დაწესება შინაგან საქმეთა კომპეტენციაში გადავიდა.

კომენტარები