წინასაარჩევნო გარემო

წულუკიანი: თუ რომელიმე კანდიდატზე იყო ზეწოლა, რეაგირება იქნება მკაცრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის საკითხი უწყებათშორისმა კომისიამ განიხილა. თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა ფაქტებს ადგენს და კანდიდატზე ზეწოლის დადასტურების შემთხვევაში, რეაგირება იქნება მკაცრი.

"თითოეული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, შემოდის უწყებათაშორის კომისიაში. ჩვენ გუშინ ჩავატარეთ გასვლითი სხდომა ხარაგაულში, სადაც ეს ინფორმაცია განვიხილეთ. ინფორმაცია გადავეცით პროკურატურას, რომელიც აწარმოებს ფაქტების დადგენას. თუ გამოვლინდება, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, ვინმეს მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, რეაგირება იქნება მკაცრი. ჯერჯერობით, ფაქტები დადგენის პროცესშია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, რომ მათი წევრები კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა პარტიების სიების რეგისტრაციიდან მოხსნას ისახავს მიზნად. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მსგავსმა ფაქტებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო და ამ ეტაპზე, მათთვის ცნობილია ხუთი რეგიონის ათ ოლქში მომხდარი მსგავსი შემთხვევის შესახებ.

 

კომენტარები