რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

უკრაინა რუსული გაზის შესყიდვაზე უარს ამბობს

ბუნებრივი აირის მილსადენი
სერგეი ჩუზავკობი / Bloomberg

2014 წლის 6 მარტს რუსეთის ფედერაციის პრემიერი, დიმიტრი მედვედევი, გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორს, ალექსეი მილერს შეხვდა. შეხვედრისას მილერმა მედვედევს მოახსენა, რომ უკრაინას გაზპრომის ვალი, 1.6 მილიარდი ამერიკული დოლარი, აქვს და ხელშეკრულების მიხედვით შეუწყდება გაზის დისკონტირებული ფასით მიწოდება და 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზში 250 ამერიკული დოლარის ნაცვლად 400 ამერიკულ დოლარს მოითხოვდა.

უკრაინა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ამ დრომდე პრივილეგიით სარგებლობდა და გაზს რუსეთისგან არასაბაზრო ფასად იღებდა. აპრილიდან ფასი 1000 კუბურ მეტრზე უკრაინისათვის 485 დოლარს შეადგენს. 

გაზრდილი ფასით გაზის მიღებასთან დაკავშირებით უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, 25 მაისს ნოვაია გაზეტასთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

პოროშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინა ენერგეტიკის პრობლემას 2017 წლამდე საბოლოოდ გადაწყვეტს. პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა გაზში გაზრდილ ფასს არ გადაიხდის და რუსეთს შეუძლია ახალი მყიდველების ძებნა დაიწყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთისგან გაზს 1000 კუბურ მეტრზე 300 ამერიკულ დოლარად მიიღებს, მაშინ როდესაც უკრაინას დაახლოებით 500 დოლარის გადახდა უწევს, ამიტომ უკრაინა რუსეთისგან გაზს აღარ შეიძენს. 

პოროშენკო ენერგეტიკის პრობლემის გადაწყვეტის გეგმასაც აყალიბებს. 

"ჩვენ გვაქვს გეგმა. პირველ რიგში დავიწყებთ გაზის რევერსირებას. მეორე რიგში, შევამცირებთ მოხმარებას. მესამე - განვავითარებთ ფიქლის გაზის ტექნოლოგიას და ავაშენებთ თხევადი გაზის ტერმინალებს. ამასთან დაკავშირებით უკვე გვაქვს მოლაპარაკებები ამერიკელ პარტნიორებთან, რომელნიც უკრაინას თხევადი გაზით მოამარაგებენ" - ამბობს პოროშენკო. 

ფიქლის გაზით კონვენციური ბუნებრივი აირის შეცვლაზე ბევრი ქვეყანა მუშაობს. პოლონეთში 2010 წლიდან ფუნქციონირებს კანადური Lane Energy-ს ფიქლის გაზის მომპოვებელი კონსტრუქცია. ამერიკას ეს ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია ათვისებული აქვს და მის გაფართოებაზე მუშაობს.  

ამერიკის და კანადის ერთერთი პრიორიტეტი თხევადი გაზიც არის. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ 7 ლიცენზია თხევადი გაზის მოპოვებაზე უკვე დაამტკიცა, კიდევ 23 კომპანია ელოდება ნებართვას. 

გაზის რევერსირებას, ანუ რუსული გაზის სხვა ევროპული ქვეყნებიდან შემოტანას უკრაინა უკვე ნოემბრიდან დაიწყებს. გარდა ამისა, პოროშენიკოს თქმით, შემოდგომისა და ზამთრის დასახვედრად უკრაინა მზად არის, რადგან მათ გააჩნიათ ბუნებრივი აირის რეკორდული რეზერვები. რევერსული გაზი უფრო იაფი დაუჯდება უკრაინას, ვიდრე პირდაპირ რუსეთისგან ყიდვა. 

რუსულ გაზს უკრაინას სავარაუდოდ მიაწვდის სლოვაკეთი 2014 წლის ნოემბრიდან. ასევე, გერმანია პოლონეთის გავლით. 

დროა რუსეთმა შეწყვიტოს გაზის ბერკეტად გამოყენება. შანტაჟის დრო დამთავრდა - ამბობს პოროშენკო.

ენერგოპრობლემიდან გრძელვადიან გამოსავალს პოროშენკო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაში ხედავს.

კომენტარები