წინასაარჩევნო გარემო

ენმ: ხელისუფლების ზეწოლით, კანდიდატობაზე უარი ჩვენმა 11-მა წევრმა თქვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და გამგებლობის კანდიდატების, ასევე პარტიული სიების წარდგენის ვადის დასრულების (16 მაისი) შემდეგ, ხელისუფლებამ საარჩევნო ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფორმა დაიწყო. როგორც პარტიის სააერჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ხელისუფლება ზეწოლას ახდენს უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებზე, რათა მათ საკუთარი სურვილით თქვან უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. მისი განცხადებით, ზეწოლა მომდინარეობს როგორც მაჟორიტარული წესით ასარჩევ, ასევე პარტიული სიის კანდიდატებზე.

"სამართალდამცავების მხრიდან მიმდინარეობს პირდაპირი მუქარა, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს ჩაუდებენ იარაღს ან ნარკოტიკულ საშუალებას და დააპატიმრებენ, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები დაკარგავენ სამსახურს და აიძულებენ, დაწერონ განცხადება" - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ 28 მაისის მდგომარეობით, საკუთარი სურვილით კანდიდატობაზე უარი თქვა 11-მა პირმა.

ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობაა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. გიგი უგულავას თქმით, ქვემო ქართლში ამ პროცესს ხელმძღვანელობს სამხარეო პოლიციის უფროსი ლევან კვიციანი.

"ის პირდაპირ აძლევს დავალებას რაიონების პოლიციის ხელმძღვანელებს, ზეწოლა განახორციელონ დარეგისტრირებულ კანდიდატებზე.
განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი დმანისის რაიონში, რაც ჩვენი აზრით, გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მაღალი შედეგით არის (41.53%) განპირობებული. დმანისში კანდიდატებზე ზეწოლის პროცესს ხელმძრვანელობს დმანისის პოლიციის უფროსი ალექსანდრე გიგანი. სამართალდამცავების აქტიურობის შედეგად კანდიდატობაზე უარი განაცხადეს საარჩევნო ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის ოთხმა წარმომადგენელმა: სტამბულ ყურბანოვი (პარტიული სიის N13. 23.05.2014), შახვადინ კოჯაევი (პარტიული სიის N15. 26.05.2014), ალმაზ რამაზანოვი (პარტიული სიის N17. 28.05.2014) და ელმურაზ გასანოვი(პარტიული სიის N20. 28.05.2014). დმანისში კანდიდატებზე ზეწოლა გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ორი ადამიანი განაცხადებს უარს კანდიდატობაზე, საარჩევნო ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიას გაუქმების საფრთხე დაემუქრება, რაც უდავოდ წარმოადგენს ხელისუფლების ჭეშმარიტ მიზანს" - აცხადებს უგულავა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ხელისუფლებას, "კონკრეტულად ბატონ კვიციანს და ბატონ გიგანს, შეწყვიტონ კანდიდატების დევნა, მათზე ზეწოლა და შანტაჟი". ენმ ასევე მიმართავს უწყებათაშორის კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს - სასწრაფოდ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და "მოახდინონ შესაბამისი ზემოქმედება ყველა იმ კონკრეტული პირისა თუ უწყების მიმართ, ვინც ჩართულნი არიან ამ უკანონო პროცესებში".

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, გიგი უგულავამ წარმოადგინა ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვინც კანდიდატობაზე უარი განაცხადა.

1). ლენტეხი 46/03
ტვილდიანი იულონი - რცხმეულის თემი (უარი განაცხადა - 21 .05. 2014 წ);


2) ახალციხე 37/01/02
 ივანიძე მალხაზი - ქალაქის მაჟორიტარი და ქალაქის პროპორციული სიის 12 ნომერი. (უარი განაცხადა 21 .05. 2014 .წ);

3). ადიგენი- 38/12
რამაზ მერაბიშვილი - უდის თემი, მაჟორიოტარობის კანდიდატი და სიის მე-2 ნომერი (უარი განაცხადა 22 .05. 2014 .წ)

4). წალკა 6.3

ლეონ მიქაელიან - დარაკოვის თემი 25/14 (უარი განაცხადა მაჟორიტარობაზე- 20 .05. 2014 .წ)

გულარა მამედოვა - სარვანის თემი 25/06 (ჯერ არ დაუწერია განცხადება, თუმცა თავმჯდომარეს შეატყობინა კანდიდატურის მოხსნაზე მაჟორიტარობაზე);

5). თეთრიწყარო 

 ჯანიკო გულუაშვილი - ბორბალოს თემი 26/06 (უარი განაცხადა მაჟორიტარობაზე 26.05.2014.წ).
 ზურაბ ბადალაშვილი - მანგლისის თემი 26/02, მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის მე-5 ნომერი (უარი განაცხადა 26.05.2014.წ).

6). დმანისი

შახვადინ კოჯაევი - პროპორციული სიის მე-15 ნომერი (უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე 26.05.2014.წ);

სტამბულ ყურბანოვი - პროპორციული სიის მე-13 ნომერი (უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე 23.05.2014);

ალმაზ რამაზანოვი - პროპორციული სიის მე-17 ნომერი (უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე 28.05.2014);

ელმურაზ გასანოვი - პროპორციული სიის მე-20 ნომერი (უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე 28.05.2014);

7). ახალქალაქი 40/12

გენადი ზედგინიძე - მაჟორიტარობის კანდიდატი (უარი განაცხადა - 21,05,2014, მაგრამ ჩვენამდე დღეს მოვიდა განცხადება);

კომენტარები