კრიზისი უკრაინაში

უკრაინის შსს-ს ცნობით, დონეცკის აეროპორტში დიდი ოდენობით რუსული იარაღი იპოვეს

ostro.org

უკრაინული წყაროების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები დღეს სლავიანსკის და კრამატორსკის რაიონებში გააქტიურდა. სეპარატისტები საცხოვრებელი კვარტლებიდან ძალოვნებს ცეცხლს უხსნიან. თავდასხმა განხორციელდა ასევე სამხედრო ნაწილზე ქალაქ ლუგანსკში. ეროვნული გვარდიის განცხადებით, თავდასხმა მოგერიებულია, სამხედროთაგან არავინ დაშავებულა. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ტერორისტებისაგან გათავისუფლებულ დონეცკის აეროპორტში დიდი ოდენობით რუსეთიდან შეტანილი იარაღია ნაპოვნი. ამაზე იარაღის მოდელები და სერიული ნომრები მეტყველებს.

ამჟამად დონეცკში შეტაკებები აღარ მიმდინარეობს, აეროპორტს სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. სეპარატისტები თავდაცვისთვის ემზადებიან.

ტერორისტების ლიდერები აღიარებენ, რომ ბევრი მებრძოლი დაკარგეს და მათ მხარეს ჩეჩნები იბრძვიან. სლავიანსკის ე.წ. მერმა კი განაცხადა, რომ ეუთოს ოთხი დაკარგული დამკვირვებელი ნამდვილად სეპარატისტების ტყვეობაშია.

"ჩვენ შეგვიძლია დონეცკი დავიცვათ, ბრძოლისუნარიანობა არ დაგვიკარგავს. იმის მიუხედავად, რომ დიდი დანაკარგი მივიღეთ. მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ავიაცია გამოიყენეს, რასაც ჩვენ არ ველოდით. ჩეჩნები რუსეთის დიდი პატრიოტები არიან და აქ რუსი და უკრაინელი ძმების დასაცავად იბრძვიან", - განაცხადა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ ბოროდაიმ.

გუშინ სეპარატისტების ქმედებები გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის დაცვაში შეერთებულ შტატების როლს გაუსვა ხაზი.

"რუსეთის ბოლო ქმედებებმა უკრაინაში, გაგვახსენა ის დრო, როდესაც საბჭოთა ტანკები აღმოსავლეთ ევროპაში შევიდნენ. მაგრამ ეს აღარ არის ცივი ომი. ჩვენი უნარის წყალობით, მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრი შევქმნათ, რუსეთი მაშინვე იზოლაციაში მოექცა", - განაცხადა ბარაკ ობამამ. 

კომენტარები