წინასაარჩევნო გარემო

ქართული ოცნება: ენმ-ის წევრები რუსთავში ჩვენს საარჩევნო შტაბში შეიჭრნენ

საარჩევნო ბლოკ ქართული ოცნების განცხადებით, გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთავში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში შეიჭრნენ. კოალიცია ქართული ოცნების განცხადებით, "ენმ კვლავაც მიმართავს პროვოკაციულ ქმედებებს და ცდილობს წინასაარჩევნოდ გარემოს დაძაბვას". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით კი, ქართულმა ოცნებამ სამოქალაქო განვითარების ცენტრის (სიდა) ოფისში პარტიული ტრენინგი ჩაატარეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმითვე, საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისში შესვლა ყველას შეუძლია და არანაირ შეჭრას ადგილი არ ჰქონია.

ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ "ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას, რისი დასტურიცაა, რამდენიმე დღის წინ, ქალაქ რუსთავში მომხდარი ინციდენტის გამო, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლება". საარჩევნო ბლოკის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება ოპონენტებს "წლების განმავლობაში ჩადენილი ძალადობის არცერთი ფაქტის გამო არ მიუღიათ".

ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადო რეაგირებას მოახდენენ და ინციდენტის მონაწილე პირები პასუხს აგებენ კანონის წინაშე. 

"იმედი გვაქვს, არასამთავრობო სექტორი მომხდარ ფაქტს შეაფასებს. საკუთარ მხარდამჭერებს კი ვთხოვთ, მიუხედავად ყველაფრისა, არ აყვნენ პროვოკაციას და შეინარჩუნონ სიმშვიდე", - ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით კი, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, რადგან პარტიის საუბნო კომისიის წევრებმა სამოქალაქო განვითარების ცენტრის (სიდა) ოფისში პარტიული ტრენინგი ჩაატარეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, პარტიული ტრენერები საუბნო კომისიის წევრებს, რომლებსაც პარტიული აქტივობები ეკრძალებათ, სიდას ოფისში ტრენინგს უტარებდათ.

"საუბნო კომისიის წევრები ვალდებულები არიან, იყვნენ ნეიტრალურები და არჩევნები ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ჩაატარონ", - თქვა გოგორიშვილმა და უარყო ოფისში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეჭრა და შეხვედრის ჩაშლა.

“მე მესმის, როცა ასეთ შარში ხარ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ილაპარაკო ტყუილი. იქ იყო ერთ-ერთი მედიაჯგუფის წარმომადგენელი და რუსთავის საოლქო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელმაც საბუთიც აჩვენა. ისინი ფაქტის დასაფიქსირებლად იყვნენ მისულები”, - დასძინა მან.

კომენტარები