თავდასხმა ჭიაბერაშვილზე

ბრინკი: ჭიაბერაშვილზე თავდასხმამ შეიძლება ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას

საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილის ბრიჯიტ ბრინკის შეფასებით, ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმამ შესაძლოა, უცხოეთში საქართველოს რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედოს. 

"ივნისის შუა პერიოდში დაგეგმილი არჩევნების კონტექსტში, ეს შეიძლება პოლიტიკური პროცესისთვის ძირგამომთხრელი იყოს და ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას უცხოეთში. ველით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოწოდებებს გამოძიების ჩატარების თაობაზე, რაც იმედია, სწრაფად მოხდება", - თქვა ბრინკმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილს თავი გაუტეხეს, ხოლო ლადარიას - ცხელი ჩაი შეასხეს სახეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომენტარები