წინასაარჩევნო გარემო

ფიქრია ჩიხრაძე ხელისუფლებას: სასწრაფოდ აღკვეთეთ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები

საარჩევნო ბლოკ არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, "ბოლო დროს მათ წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები გახშირდა". ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, ბათუმში, მე-4 საარჩევნო ოლქში არასაპარლამენტო ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატს გოჩა სამნიძეს რამდენიმე დღის წინ, "სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით ჩამოართვეს მანქანის მართვის უფლება 1 წლის ვადით და დააკისრეს ადმინისტრაციული ჯარიმა". ჩიხრაძის ინფორმაციით, საქმის კურსშია ადგილობრივი მედია და არასამთავრობოები.

"ამის შემდეგ, ზეწოლა გაგრძელდა მისი ოჯახის წევრზე, კერძოდ ძმაზე – ნუგზარ სამნიძეზე, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მას აცნობეს, რომ ის დაბარებულია გენერალურ ინსპექციაში და სავარაუდოდ მოუწევს სამსახურის დატოვება", - აცხადებს ჩიხრაძე და აღნიშნავს, რომ საკითხის შესასწავლად უკვე მიმართეს უწყებათაშორის კომისიას.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ ხელისუფლებას და შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებს, "სასწრაფოდ აღკვეთონ მსგავსი ზეწოლის ფაქტები".

კომენტარები