კოჟორიძე: შექმნილ სიტუაციაში პრეზიდენტმა გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო

Medianews

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის აზრით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლება პრემიერს გადასცა.

"წინა დღეებში გაკეთებული განცხადებები რომ შევაჯამოთ, ძირითადად გამოიკვეთა ის აზრი, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა - სპეციალისტების უმრავლესობას ასეთი აზრი აქვს. თუმცა, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ პრემიერი აწერს ხელს, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მომავალში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობ, პრეზიდენტმა დროული და გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა კონსტიტუციით მინიჭებული მისი უფლებამოსილება ერთჯერადად დაუთმო პრემიერ-მინისტრს", - ამბობს კოჟორიძე.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუცია და კანონმდებლობა ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა ნორმები უფრო მეტად იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლება პრეზიდენტს აქვს.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი  მარგველაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას ერთჯერადად პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს გადასცემს. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შემთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.

 

კომენტარები