პატიმრების გათავისუფლება

79 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

სასჯელაღსრულების სამინისტრო

პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და კომისიის სხდომების გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან 79 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის, 69 მამაკაცი და 10 ქალბატონია. სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებული 10 ქალბატონიდან ორს პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

"პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. თუ აქამდე კომისიის 7-წევრიან შემადგენლობაში სამინისტროს 3 წარმომადგენელი ჰყავდა, ძალაში შესული ცვლილებით, კომისიაში სამინისტროს ორი წარმომადგენელი დარჩა, ხოლო ერთი ადგილი დაეთმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, მორის შალიკაშვილს, რომლის სამეცნიერო ნაშრომების ნაწილი პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის საკითხებს ეხება", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, კომისიაში 2 წარმომადგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტს - ერთი უმრავლესობიდან, ერთი კი უმცირესობიდან. თითო-თითო წევრით არიან წარმოდგენილნი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"სხდომებზე იმ მსჯავრდებულების შუამდგომლობები განიხილეს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე - 3/4. შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2954 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 331 ქალი და 47 არასრულწლოვანი.

კომენტარები