დავიდ ლუიზი

დავიდ ლუიზი: მშვიდობით ჩელსი, წინ პარიზო!

ფრანგული პარი სენ ჟერმენის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზის ტრანსფერის შესახებ, ლონდონის ჩელსისთან შეთანხმება მიღწეულია.

როგორც კლუბში აცხადებენ, ორივე კლუბი და თავად ფეხბურთელიც, პირობებით კმაყოფილები არიან, ტრანსფერი კი 10 ივნისის შემდეგ გაფორმდება, როდესაც სატრანსფერო სეზონი გაიხსნება.

"იმისათვის, რომ დაგვეკმაყოფილებინა ფეხბურთელის სურვილი - ეთამაშა საუკეთესო პირობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე, ორივე კლუბმა გამოიჩინა მზადყოფნა, რომ დაეჩქარებინა პსჟ-ს და ჩელსის შორის შეთანხმება. ტრანსფერი ოფიციალურად სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას გაფორმდება," - ნათქვამია პსჟ-ს განცხადებაში.

დავიდ ლუიზმა ახალ კლუბში გადასვლის შესახებ, უკვე საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა.

"მადლობა ჩელსის სამწლინახევრის განმავლობაში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის! ახლა მე ახალი გამოწვევები მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, მათ შესასრულებლად! წინ, პარიზო!," - განაცხადა დავიდ ლუიზმა.

თუ რამდენი მილიონი დაუჯდება პარიზულ კლუბს 27 წლის ბრაზილიელი მცველის შეძენა, ცნობილი სატრანსფერო ფანჯრის გაღებისას გახდება, პრესაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერი 60 მილიონ ევროს შეადგენს. თუ ეს ცნობები დადასტურდა, დავიდ ლუიზი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.

 

კომენტარები