დღე არ გავა, რომ ძარცვის, ყაჩაღობის, მკვლელობის ან სხვაგვარი ძალადობრივი დანაშაულის შესახებ არ გავიგოთ. მართალია ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას გაგებით მოკიდებისკენ მოუწოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მის მიერ დატოვებულ ხელისუფლებას მოსახლეობის გაგების იმედი არ აქვს. ამიტომ სრულყოფილ სტატისტიკას 2013 წლის მარტიდან აღარ გვაწვდის, ხოლო ბოლო ხუთი თვეა არასრულყოფილის გამოქვეყნებაც შეწყვიტა.
შესაძლოა ამის მიზეზი ის იყოს, რომ ხალხს მთავრობის სტატისტიკის არ სჯერა - საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევა მოწმობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ დანაშაული შემცირდა, მოსახლეობის 81 პროცენტი არ იზიარებს.
სანდო სტატისტიკის არარსებობის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავად დაიწყეს ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა - უფლებადაცვითი ორგანიზაციია იდენტობა ამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში 13 ქალის სიცოცხლე მოისპო. უმრავლეს შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრმა, ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა.
ცოლებისა და ყოფილი ცოლების გახშირებულმა მკვლელობებმა ბევრს პატრიარქის ორი წლის წინანდელი ქადაგება გაახსენა - როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა გენდერული თანასწორობა დაგმო და ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ, მათი ფეხების დაბანისკენ მოუწოდა.
გაიზარდა თუ არა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები და რა მეთოდებით ვებრძვით მას, ამ საკითხზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში.
სტუმრები: მარი მესხი, თამარ საბედაშვილი, რუსუდან ფხაკაძე, ელისო გაბელია.




