არაფერი ისე არ აღიზიანებს ამომრჩეველს, როგორც მის მიერ დაქირავებული მთავრობის ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნება. ამის თვალსაჩინო მაგალითი ნოდარ ხადურია - მას პოლიტიკური ოპოზიციის გარდა არავინ საყვედურობს ბიუჯეტის გარღვევას ან მკვეთრად გაზრდილ სახელმწიფო ვალს, თუმცა ვერ აპატიეს ბიუჯეტის ფულით ქეიფი.
კამპანიამ "ჭამე ნოდარი" ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუში პრემიერმა ფინანსთა მინისტრს მიუთითა დაკლებულ წონაზე გაემახვილებინა ყურადღება ნიშნად იმისა, რომ ნოდარი ახლა უკვე ნაკლებს ჭამს.
ხალხი ბრაზობს, როდესაც მისი ფულით სხვისთვის ნაყიდი ძვირფასი მანქანების და სმარტფონების შესახებ ესმის. გასულ დღეებში საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია ინფორმაციამ სამინისტროებში გულუხვად დარიგებული პრემიების შესახებ. მთავრობის წევრებმა თავი იმით იმართლეს, რომ კარგ პროფესიონალებს სხვაგვარად იზიდავენ, რაც თავისთავად სადავო არ არის - კვალიფიკაცია ძვირი ღირს.
თუმცა სადავოა სჭირდება თუ არა ამომრჩეველს იმდენი კადრის დაქირავება, რამდენსაც ქირაობს, მაგალითად 19 მინისტრის და მათდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების სახით.
რა არის მთავრობის ოპტიმალური ზომა და როგორია მთავრობის ზომისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთქმედება, ამ თემაზე ვიმსჯელებთ გადაცემის პირველ ნაწილში.
სტუმრები: ვატო ლეჟავა, რომან გოცირიძე, გიორგი ბაქრაძე




