IDFI-ს კვლევა

IDFI: ყველაზე ჩაკეტილი საჯარო დაწესებულება შინაგან საქმეთა სამინისტროა

ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შსს და ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენენ, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია ნათქვამი. კვლევა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში მოამზადეს.

IDFI-ს მონაცემებით, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 14% -ით არის შემცირებული. ხოლო, უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები  5%-ითაა გაზრდილი. „განსაკუთრებით აღსანიშნავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 61%-ით შემცირდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, წინა პროექტის მაჩვენებელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლის მატება მხოლოდ 11 საჯარო დაწესებულების შემთხვევაში შეინიშნება. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროგრესია, რაც 20% შეადგენს.

IDFI-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტ მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი (10 დღიანი ვადის დაცვით) გასცეს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

როგორც IDFI განმარტავს, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის წარმოჩენა, შენარჩუნდა თუ არა ის დადებითი ტენდენციები, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იყო.

„ხელისუფლების ცვლილების შემდგომ წინა ხელისუფლების შესახებ ინფორმაცია კარგად მივიღეთ, თუმცა, როდესაც ანალოგიური ინფორმაცია ახალი ხელისუფლების შესახებ მოვითხოვეთ, რიგმა უწყებებმა ინფორმაცია ნაკლებად გამჭვირვალედ მოგვცეს“, - ამბობს IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. 

კომენტარები