საბჭოთა კანონები

როგორ შევქმნათ საბჭოთა კანონი


ნამდვილი საბჭოთა კანონის შექმნა ადვილი საქმე არ გეგონოთ, მის შესაქმნელად მხოლოდ კვალიფიკაცია ან კარგი განათლება არაა საკმარისი. ეს დაახლოებით ისეთი ამბავია, შედევრის დახატვა რომ მოინდომოს ადამიანმა, რომელსაც კარგი სამხატვრო სკოლა აქვს დამთავრებული. ამ „დიადი" მიზნის მისაღწევად მეტია საჭირო, შინაგანად უნდა იყო ასეთი, უნდა გრძნობდე, ვინაიდან, ხშირად, განსხვავება „შედევრებს" და ჩვეულებრივ, კარგ ნახატებს შორის, მცირეოდენ დეტალებშია.

საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ნამდვილ საბჭოთა ნორმას მოქმედი კანონმდებლობიდან:

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა" – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 21 (მოქმედი რედაქცია, მიღებულია 1984 წ.).

შესანიშნავი ნორმაა, ჰუმანური, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ეხება, ასევე, მასში არის რაღაც, რომელიც ზოგ თანამემამულეს სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს, გაახსენებს ძველ „დიდებულ" დროს... იმ დროს, როცა ზემოთქმულ ამხანაგურ სასამართლოზე, წვრილი სპეკულანტების ან „არასწორად" მოაზროვნე ხალხის გაკიცხვა შეიძლებოდა, თან მკაცრად.

თუმცა ეს მოგონებები, მათდა სამწუხაროდ, რეალური არ არის, რადგან ამ ნორმას ზურგს არც ამხანაგური სასამართლო უმაგრებს, არც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არც შრომითი კოლექტივები, ვინაიდან ისინი ისევე გაქრნენ, როგორც ძველი დრო ან საბჭოთა კავშირი, ან მოძმე რუს ხალხთან მეგობრობა და გაკიცხვის პროცესიც გართულებულია...

ანუ ამ ნორმით გამოწვეული მოგონებები ილუზორულია და განუხორციელებელი. ილუზორულობა და განუხორციელებლობა კი საბჭოთა კანონის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა.

თუნდაც ზემოთქმული ნორმის კითხვისას, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ საბჭოთა კავშირი, სხვა ყველაფერთან ერთად, სპეციფიკური კანონმდებლობით გამოირჩეოდა, იმდენად სპეციფიკურით, რომ მისი დაშლის შემდეგ საბჭოთა იურისტები „გადაშენდნენ"...

არა, არ მომკვდარან, მაგრამ მათმა დეკვალიფიკაციამ იმ ხარისხს მიაღწია, რომლის მერეც „პულსი" უბრალოდ არ ისინჯება (ფაქტობრივად, შეუძლებელია საბჭოთა საქართველოს სამი იურისტის დასახელება, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, რომელმაც გადაკვალიფიცირება მოახერხა).

თუმცა ამ იურისტების „გადაშენებით" საბჭოთა კანონების შექმნა არ შენელებულა, მეტიც, ახალი თაობის იურისტები გაორმაგებული ძალებით შეუდგნენ საბჭოთა სკოლის კანონმდებლობის შექმნას (მათ იმდენი „მოახერხეს", რომ დასავლური ქვეყნების კანონმდებლობის რეცეფციის შედეგადაც კი „საბჭოთა არომატით გაჟღენთილი" სამართლებრივი აქტები შექმნეს).

მაგალითისთვის, განვიხილოთ პოსტსაბჭოთა ეპოქაში შექმნილი ნორმა:

„უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, როდესაც ინვესტიციის განხორციელება ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხების, ეროვნულ, ისტორიულ, რელიგიურ, მორალურ-ეთიკურ და კულტურულ ფასეულობებს" (საქართველოს კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ" მუხლი 17. 1995 წ.).

შევადაროთ იგი ადრინდელს:

„უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების დროს მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან კანონები, პატივი სცენ სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებს და კომუნიზმის მშენებელი საზოგადოების მორალურ პრინციპებს" (საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 5).

ახალი თაობის იურისტები გაორმაგებული ძალებით შეუდგნენ საბჭოთა სკოლის კანონმდებლობის შექმნას (მათ იმდენი „მოახერხეს", რომ დასავლური ქვეყნების კანონმდებლობის რეცეფციის შედეგადაც კი „საბჭოთა არომატით გაჟღენთილი" სამართლებრივი აქტები შექმნეს).

თვალშისაცემია საბჭოთა კანონის მეორე კომპონენტი, შეზღუდვის დაწესება მორალურ ღირებულებათა დაცვის მოტივით.

შეზღუდვების დაწესება დასავლური კანონმდებლობისთვისაც არ არის უცხო, ვთქვათ, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგრამ ნამდვილ საბჭოთა კანონს ამისთვის სპეციფიკური მიზეზები აქვს, საბჭოთა კანონი ხშირად აღიარებს ადამიანის უფლებებს, მაგრამ იქვე მიუთითებს შეზღუდვაზე ან გარკვეულ რეპრესიულ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება ამ უფლებათა „ბოროტად გამოყენების" შემთხვევაში დადგეს. ამავე დროს, კვალიფიციური საბჭოთა კანონმდებელი ხვდება, რომ უმჯობესია, თუ ამ შეზღუდვას დააწესებ როგორც დროებითს, გარკვეული ეტაპისთვის, რომელიც რაღაც პერიოდით მოქმედებს, მერე კი უკვე შეჩვევის ამბავია.

სევე, კანონის წერისას უნდა იგრძნობოდეს ნათელი მიზანი, რომელიც თავის თავში მოიცავს გარკვეულ აბსტრაქტულობის მომენტს, მეტი დამაჯერებლობისათვის. ეს მომენტი ტექსტიდან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაინც უნდა იკითხებოდეს (მაგ. კომუნიზმის მშენებლობის, ხალხის დიქტატურის დამყარების ან სამართლიანობის აღდგენის მიზანი).

განვიხილოთ მაგალითი:

„სამოქალაქო უფლებები დაცულია კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს უფლებები ხორციელდება კომუნიზმის მშენებლობის პერიოდის სოციალისტურ საზოგადოებაში ამ უფლებათა დანიშნულების საწინააღმდეგოდ" (საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 5. 1964 წ.).

შევადაროთ იგი ამასწინათ მიღებულ კანონს:

„2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ". მუხლი 1344, მოქმედი რედაქცია).

დასკვნა ისაა, რომ ნამდვილი საბჭოთა კანონი დასაშვებად თვლის მაღალი მიზნის მისაღწევად, ნებისმიერი რაოდენობის ხალხის მიმართ, ნებისმიერი უფლების შეზღუდვას.

ნამდვილ საბჭოთა კანონში უნდა იკითხებოდეს, რომ ყველაფერი, რასაც ხელმძღვანელი ამხანაგები აკეთებენ, ხალხის დაკვეთით ხორციელდება, ხალხის ნების შესაბამისად და დიადი მიზანი აქვს.

როგორც ამხანაგი ვ.ი. ლენინი ამბობდა, ადგილობრივ აღმასრულებელ კომიტეტებთან დაკავშირებით: „აღმასკომი ეს არის ყველასთვის აშკარა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს მასის თვალწინ აკეთებს, მასისთვის ხელმისაწვდომია, უშუალოდ მასიდან არის გამოსული, ხალხის მასისა და მისი ნების პირდაპირი და უშუალო ორგანოა".

ეს სიტყვა, ცხადია, არ დაიკარგებოდა და ამიტომ სხვადასხვა კომიტეტების და საბჭოების მიერ ხდებოდა სხვადასხვა კანონების მიღება და განკულაკების ან რეპრესიების პროცესის დაკანონება, რა თქმა უნდა, ხალხის ნების შესაბამისად.

გავეცნოთ „ხალხის ნების" აღსასრულებლად ამასწინათ მიღებულ ერთ კანონსაც:

„ვინაიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს საჩივრით მიმართა ათასობით საქართველოს მოქალაქემ, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომლებიც აცხადებენ, რომ 2004-2012 წლებში უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად იქნენ მსჯავრდებულნი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში...

ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოს სურვილია აღადგინოს კანონიერება და სამართლიანობა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად იქნა მსჯავრდებული, რისთვისაც აუცილებელია გასაჩივრების დამატებითი და დროებითი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა... (საქართველოს კანონი „მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე", პრეამბულა, 2013 წ.).

გამოვლინდა ჭეშმარიტი საბჭოთა კანონმდებლობის კიდევ ერთი თვისება – ნებისმიერი რამ (ადამიანის უფლება, ადრინდელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილება) შეიძლება შეიცვალოს ან შეიზღუდოს, თუ ეს ხალხის ნების შესაბამისად და მისი მოთხოვნით ხორციელდება.

საბჭოთა კანონის შესაქმნელად კარგი იქნება დავეუფლოთ სპეციფიკურ ტექნიკას, რომელიც მოგვცემს საშუალებას ადამიანები დავარწმუნოთ იმაში, რომ ის უფლებები, რომელიც ყველა მათგანს აქვს და ჩვენ ვერ ჩამოვართმევთ, გამოიყურებოდეს ისე, თითქოს ჩვენ მივანიჭეთ.

მაგალითად, კანონში თამამად ჩავწეროთ, რომ:

„პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა" („მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი, 1994 წლის რედაქცია).
შეიძლება ასეც ჩამოვაყალიბოთ:

„დაუშვებელია საკუთარი წილის შეძენა" (ამავე კანონის, ამავე მუხლის, მეექვსე პუნქტი, 1994 წლის რედაქცია).

ცუდი არ იქნება, თუ ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროსაც შევეხებით:

„სახელმწიფო საწარმოს შესაძენად გამოიყენება მოქალაქეთა პირადი დანაზოგები, სამეურნეო ამხანაგობებისა და საზოგადოებების საკუთარი სახსრები, აგრეთვე საწარმოთა ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში დარჩენილი სახსრები. ამავე მიზნით მყიდველებმა შეიძლება გამოიყენონ ნასესხები, აგრეთვე სხვა სახსრები" (საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში საწარმოთა პრივატიზების შესახებ", მუხლი 7).

თუ მსგავს „უფლებათა" რიცხვი დიდი იქნება, შეგვიძლია მტკივნეულ „რეფორმათა" განხორციელებაც (გაგებით მოგვეკიდებიან). მაგალითად, შეგვიძლია გავაუქმოთ ფუნდამენტური უფლებები (საბჭოთა კავშირში, 40-იანი წლების ბოლოდან გაუქმდა აღნაგობის უფლება), თუ ხალხმა პროტესტი გამოხატა, შეგვიძლია უფლებებს შევუცვალოთ შინაარსი, ხოლო ფორმა და სახელწოდება დარჩეს უცვლელი (მაგ. ქირავნობის ღირებულება დადგინდეს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიერ (საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი, მუხლი 143).

რაც მთავარია, ნამდვილი საბჭოთა კანონის შესახებ ოცნება ფუჭია, თუ მიწის ნაკვეთების გასხვისებას დავუშვებთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ, ბოლოსდაბოლოს საბჭოთა საქართველოს კანონმდებლობაც კი ცნობდა პირად საკუთრებას (საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 91), მაგრამ ხელი არ წაგიცდეთ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ მისცეთ უფლება, ქართულ მიწაზე მესაკუთრის ბატონობა განახორციელონ.

ბუნებრივია, ზემოთქმული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, საბჭოთა კანონმდებლობას ბევრი სპეციფიკა გააჩნია, თან ის იხვეწება და მისი ამოცნობაც თანდათან რთულდება. ამ ჟანრში სპეციალისტი ბევრია და, შესაბამისად, მიდგომებიც განსხვავებული... თუმცა იმედს ვიტოვებთ, წინამდებარე სტატია მცირეოდენ დახმარებას გაგიწევთ.

P.S. გაითვალისწინეთ, ნამდვილი საბჭოთა კანონი კომპიუტერზე არ იბეჭდება, ეცით ტრადიციას პატივი, გამოიყენეთ საბეჭდი მანქანა...

კომენტარები