სასკოლო ავტობუსები

განათლების სამინისტრო: ავტობუსებზე ბეჟაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. სამინისტროს განცხადებით, უწყება მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს.

"ბატონი ბეჟაშვილი პროექტის ხარჯის უმიზეზოდ გაზრდაზე საუბრობდა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადება საჭიროა ეფუძნებოდეს რეალურ მონაცემებს და გამყარებული იყოს შესაბამისი არგუმენტებით. თუმცა, ბატონ ლევან ბეჟაშვილს, პროგრამის შესახებ, სამინისტროდან დღემდე არ გამოუთხოვია არანაირი ინფორმაცია, რაც მას დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემდა. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადყოფნას გამოხატავს, ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ამოქმედდა სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. "ამასთან, რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეები მიიღებდნენ სახელმწიფო დახმარებას, რაც ხელს შეუწყობდა მათ ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღებაში". განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა, იმის დასადგენად თუ რამდენი კომპანია რა ფასად და რა პირობებით შეძლებდა მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ბაზრის კვლევის პროცედურების დასრულების შემდეგ, სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოცხადა.

"პროგრამის განხორციელება საპილოტე რეჟიმში დაიწყო 2013 წლის იანვრიდან და 2013 წლის მარტამდე მოემსახურა 190 სკოლის 9400-ზე მეტ მოსწავლეს. 2013 წლის მარტის თვიდან სკოლებიდან მიღებული, დაზუსტებული, მოთხოვნების მიხედვით ჩატარებული განმეორებითი ბაზრის კვლევისა და ტენდერის შედეგად, 190 სკოლას და 9400 მოსწავლეს დაემატა 145 სკოლა და 6 000-მდე მოსწავლე. მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის მიზნით, 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ბოლომდე ჯამში დაიხარჯა 2,091,536 ლარი.
2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემეტრის ბოლოს შეფასდა პროგრამის შედეგები და მივიღეთ გადაწყვეტილება 2013 წლის სექტემბრიდან პროგრამა ამოქმედებულიყო სრული მასშტაბით. გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 3 კომპანია და 2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრის (2013-2014 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენდა 70-ს) ბოლომდე 900 ზე მეტი სკოლის 47 000 ზე მეტი მოსწავლის ტრანსპორტირების მიზნით დაიხარჯა 5,480,972.2 ლარი. 2014 წლის იანვრიდან (მეორე სემესტრიდან) ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდა ბენეფიციართა რაოდენობა, ტრანსპორტირების მანძილი და სხვა კომპონენტები. გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 3 კომპანია, გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 7 717 273 ლარი (ფასის ზრდა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენს 101-ს, რაც პირველი სემესტრის მაჩვენებელს აღემატება 31 დღით), აღნიშნული მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 900 ზე მეტი საჯარო სკოლის 47 200 ზე მეტი მოსწავლე" - აცხადებს განათლების სამინისტრო და აღნიშნავს, რომ პროგრამის ამოქმედების დღიდან სკოლებში საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დასწრების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 

სამინისტროს ცნობით, სკოლებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი პროგრამის ამოქმედებამდე შეადგენდა 60%-ს; ქვეპროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა 35%-ით და დღეს დასწრება - 95 %-ია. რესურსცენტრებში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაგვიანებების შემთხვევებს ადგილი თითქმის აღარ აქვს", - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლების სამინისტროს ქმედებებში კორუფციულ ნიშნებს ხედავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს საჯარო სკოლების მოსწავლეთა მომსახურებისთვის 2012 წელს 2 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ბეჟაშვილის განცხადებით, სასკოლო ავტობუსები 400-მდე სკოლას ემსახურებოდნენ, თუმცა მოგვიანებით გაურკვეველი ხარჯების დასაფარად, აღნიშნული თანხა 7 მილიონ ლარამდე გაიზარდა ისე, რომ არ გაზრდილა სკოლების რაოდენობა.

კომენტარები