ნავანეთემ პილაის ვიზიტი

გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ნავანეთემ პილაის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს.

ყურადღება მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს. ნავანეთემ პილაის თქმით, გაერო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სწორედ ამ თემას და ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს ვითარების გამოსასწორებლად", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ პილაიმ დადებითად შეაფასა ის მეთოდები და მექანიზმები, რომლებსაც საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით იყენებს.

"მან თქვა, რომ ამ მიმართულებით არსებული ტენდენცია კვლავაც უნდა გაგრძელდეს. გაერო-ს კომისარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში ამ მხრივ შემუშავებულ სტრატეგიას ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მიღწეული პროგრესი დადებითად აისახება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. გიორგი მარგველაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გაეროს უმაღლეს კომისარს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ 2015 წლის სესიაზე გაეროს წევრი ქვეყნები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები